ნაციონალური მოძრაობა ცესკოში 8 აპრილს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე გაფორმებულ მემორანდუმს უერთდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობა უერთდება ამ მემორანდუმს და გამოთქვამს მზადყოფნას მემორანდუმში დაფიქსირებული მოთხოვნების მონიტორინგთან დაკავშირებით აქტიურად ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ცესკოსთან.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული რესურსი თანანბრად იყოს ხელმისააწვდომი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შენობები ერთნაირი პირობებით ხელმისაწვდომი იყოს ყველა პარტიისთვის. ზედმიწევნით იყოს დაცული ის ნორმები და შეზღუდვები, რომლებიც საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უკავშირდება. მათ შორის აგიტაციაში",- განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით მემორანდუმი პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმდა ცესკოში 2010 წლის 8 აპრილს. ამ მემორანდუმს ცესკოსთან ერთად ხელს აწერს ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებზე სადამკვირვებლო პროცესში. ეს ორგანიზაციები არიან - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები, ახალი თაობა ახალი ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო.