გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი მეექვსე მინისტრია ვინც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდიდან თანამდებობა დატოვა. შესაბამისად, კიდევ ერთი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში დგება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, შვიდი მინისტრის შეცვლის შემდეგ, პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად 7 დღის ვადაში წარუდგინოს.
მენაბდის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი სამჯერ უარს იტყვის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებაზე, დღის წესრიგში რიგგარეშე არჩევნების საკითხი დგება.
,,პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში პარლამენტს უნდა წარუდგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა. ხოლო, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლის მიხედვით. კერძოდ, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას, საკანონმდებლო ორგანო ჩაატარებს კენჭისყრას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე, რისთვისაც საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, ჩვენ შემთხვევაში 75 დეპუტატი, რადგან პარლამენტში გვყავს 149 დეპუტატი (ერთი გარდაიცვალა). თუ მთავრობამ პარლამენტის ნდობა ვერ მიიღო, ამის შემდეგ, 30 დღის ვადაში ხელახალი კენჭისყრა გაიმართება, თუ ამ შემთხვევაშიც ნდობის გამოცხადება ვერ მოხდა, ამის შემეგ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენობას. და თუ, ამ შემთხვევაშიც საკანონმდებლო ორგანო ახალ მთავრობას არ დაამტკიცებს, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ”, _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში მენაბდემ.
როგორც ცნობილია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი პრემიერ-მინისტრთან თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დააყენეს.