ნინო ბურჯანაძის პარტია საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე არსებული ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვითარების უაღრესად კრიტიკულობაზე საუბრობს.
"ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს შარშან გაზაფხულზე ის რეაქცია, რომელიც ზემო რაჭაში, შოვთან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ხიდის აფეთქებას მოჰყვა. იმ პერიოდში "დემოკრატიულმა მოძრაობამ" თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა იმ საგანგაშო ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად კარგავს ქვეყნის ტერიტორიებს და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას მამისონის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უღელტეხილის დაკარგვაც დაემატა. მამისონის უღელტეხილისა და მიმდებარე 20 კილომეტრის დაკარგვის ფაქტს საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა. საქართველოს საზღვრებზე მიმდინარე მცოცავი ანექსიის თაობაზე "დემოკრატიულმა მოძრაობამ" რამდენიმე დღის წინ 14 აპრილს სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა, სადაც მამისონის გარდა კიდევ ორი კონკრეტული მაგალითი იყო მოყვანილი: ზემო ლარსის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან არსებული ნეიტალური ტერიტორია და თუშეთში დაუსახლებელი ვრცელი ტერიტორია. სამწუხაროდ არც ამ ბრიფინგს მოჰყოლია სათანადო რეაგირება", ნათქვამია განცხადებაში.
ბურჯანაძის პარტიის განცხადებით, სიტუაციის კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოებაც, რომ გაურკვეველი და უკონტროლო სიტუაცია არამარტო რუსეთის საზღვარზეა, რასაც მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევაც ადასტურებს.
"საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა ფაქტობრივად მიტოვებულია და არ არსებობს მათი დაცვის არანაირი მექანიზმი. აღნიშნული ამ სფეროში არსებულ არაპროფესიონალიზმზეც მიუთითებს. მსგავსი ინციდენტების გამორიცხვის მიზნით აუცილებელია შესაბამისი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობა, რაც სრულად უგულებელყოფილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ქართველ სამართალდამცავებსა და მესაზღვრეებს აკრძალული აქვთ მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებთან კონტაქტიც კი. მსგავსი არაპროფესიონალური და არაედეკვატური პოლიტიკის შედეგებს, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა იმკის. „დემოკრატიული მოძრაობისთვის" დაარსების დღიდან პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნის საზღვრისპირა ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენ განგაში ავტეხეთ საქართველოს სასაზღვრო ზოლში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო საზოგადოება და კატეგორიულად მოვითხოვეთ ხელისუფლებისგან ადეკვატური ზომების მიღება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, უბრალოდ უარყო საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიების დაკარგვის ფაქტები და შესაბამისად, მოატყუა, როგორც საკუთარი მოსახლეობა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოება", - ნათქვამია, "დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" განცხადებაში.
ბურჯანაძის პარტიის განცხადებით, 18 აპრილს რადიო „თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ივერი მელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მთავარი კონსულტანტი სასაზღვრო საკითხებში, ღიად აცხადებს, რომ მამისონის უღელტეხილს რუსული და ოსური მხარე აკონტროლებენ.
"ცინიკური ტყუილია, რომ რუსმა და ოსმა მესაღვრეებმა მამისონის უღელტეხილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიკავეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ნოემბრამდე მამისონის უღელტეხილს ჩვენი, ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ. ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლის მხრიდან მამისონის უღელტეხილის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებული დაგვიანებული აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, მთავრობა არამარტო ნებისმიერი სახის ცინიკურ ტყუილს ამბობს, არამედ თმობს საქართველოს ტერიტორიებს", - აღნიშნულია ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში ივერი მელაშვილის საპასუხოდ.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ძალიასხმევა არ დაიშურონ, რათა შეჩერდეს საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის პროცესი.