დღემდე "რუსეთის ტანკები ჩვენი დედაქალაქიდან 30 მილის დაშორებით დგანან", _ წერს მიხეილ სააკაშვილი "The Christian Science Monitor"-ისათვის დაწერილ სტატიაში _ ეს ჰარვარდის უნივერსიტეტში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის საგაზეთო ვერსიაა.
"კრემლი უკვე კარგა ხანია მიიჩნევს, რომ ჩვენი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ნებისმიერი მეთოდით უნდა შეიცვალოს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ყველაზე საუკეთესო, თუ არა ერთადერთი გარანტია ჩვენი უსაფრთხოებისა _ ეს დემოკრატიული ქართული სახელმწიფო და დასავლურ ინსტიტუტებთან მყარი პარტნიორობის დამყარებაა", _ აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
ჰარვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს: "სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის ხელს გვიშლიან მშვიდობიან განვითარებაში, პირველ რიგში კი ამას რუსეთი აკეთებს, ის რუსეთი რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გავლენის აღდგენა სურს".
"მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ "ფერადმა რევოლუციებმა" ვერ შეძლეს პოსტსაბჭოთა სივრცე კარდინალურად შეეცვალათ. "ვარდების რევოლუციამ" ძალიან შეცვალა საქართველო, ამასთან ერთად კი გარე საფრთხეებმა მხოლოდ გააძლიერა დემოკრატიისადმი ერთგულება", _ წერს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს მხოლოდ ექვსი წელი დასჭირდა თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის შექმნისათვის. მან მსოფლიო ბანკის რეიტინგში 11-ე ადგილზე გავიდა.
"საქართველოს შეუძლია აღმოსავლეთში დემოკრატიული იდეალების საყრდენი გახდეს, საქართველოს შეუძლია გახდეს ხიდი მეზობლებისათვის, რომლებსაც ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია სურთ. ამისათვის კი საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატია ერთი ამოცანის ელემენტად უნდა განიხილებოდეს", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს ში ვიზიტს განაგრძობს. იგი უკვე შეხვდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს, აშშ-ს წამყვან პოლიტიკოსებსა და სენატორებს.