დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის ხელმძღვანელობას თხოვს, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტები პირდაპირ სესიაზე განიხილონ, რადგან კომიტეტები მის კანონპროექტებს არ იხილავენ. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ დღეს სესიაზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეხება კომიტეტების მიერ კიდევ არ არის განხილული.
"ბატონმა დავით ბაქრაძემ დაავალა კომიტეტებს განეხილათ, მაგრამ ამ დავალების მიუხედავად საკითხები კიდევ არ არის განხილული. მე აღარ ვიცი ბრძოლის რა გზას მივმართო და რა ბერკეტი გამოვიყენო ამისათვის, რომ კომიტეტებმა თავისი ვალი შეასრულონ. ისღა დამრჩენია მოვითხოვო, რომ მოიტანოთ ეს კანონპროექტები და პირდაპირ სესიაზე განიხილოთ" - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
როგორც მან განმარტა, საუბარია პატიმრობის ვადაზე ადრე გათავისუფლების ვადების გადახედვაზე. ასევე სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელიც გარკვეულ ნორმებთან დაკავშირებით უკუქცევის ძალის მინიჭებას ითვალისწინებს. კანონპროექტთა მეორე რიგი შეეხება სოციალურ საკითხებს. მათ შორის საპენსიო მინიმუმის 150 ლარამდე აწევას და ყველა პირისთვის ვინც იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ უფასო სამედიცინო დაზღვევის მიცემას.
აღსანიშნავია რომ ბაღათურიას მოთხოვნას პარალმენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე გამოეხმაურა და როგორც მან აღნიშნა, იმ პროექტთან დაკავშირებით რომელიც ეხება პენსიების კრიტერიუმების ახლებურ გაანგარიშებას, კომიტეტი იზიარებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ გაანგარიშებასთან დაკავშირებით არის კითხვები. კანონპროექტი გადაცემული აქვს მთავრობას და მთავრობის დასკვნის გარეშე კომიტეტი აღნიშნულ საკითხს ვერ განიხილავს. დანარჩენ კანონპროექტებთან დაკავშირებით კი არანაირი განმარტება არცერთი კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან არ გაკეთებულა.