"ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგურის განცხადებით, რუსული აგრესიის განახლების შემთხვევაში ის მორატორიუმს გამოაცხადებს და საქართველოს ხელისუფლების გვერდით დადგება.
ამის შესახებ ძიძიგურმა ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუში "არჩევნები 2010" განაცხადა.
"თუ რუსული ტანკები დედაქალაქს ისევ მოადგებიან, ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ეს აგვისტოს ომის დროს გავაკეთეთ. მოგეხსენებათ, მაშინ ოპოზიციამ მორატორიუმი გამოაცხადა. "კონსერვატიულმა პარტიამ" სენაკში სპეციალური შტაბიც კი ჩამოაყალიბა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და მას გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა", - განაცხადა ძიძიგურმა.
"მე ხმამაღლა ვამბობ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ახლა ომი დასრულებულია და მასთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, მუდმივად მუქარის რიტორიკით საუბარი, ნორმალურად არ მიმაჩნია", - განმარტა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ ძიძიგურის თანაალიანსელმა, "ეროვნული საბჭოს" კიდევ ერთმა ლიდრმა ზურაბ ნოღაიდელმა ერთ-ერთ თოქ-შოუში საუბრისას განაცხადა, რომ თუკი რუსული ჯარები თბილისში შემოვლენ, ის არსებული ხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებად იბრძოლებს.