წელს, 10 მაისს, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტისა და საზოგადო მოღვაწის, ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 92 წელი სრულდება... ყველა, ვინც საქართველოსა და აზერბაიჯანის უახლეს ისტორიაში ერკვევა, ერთხმად აღიარებს, რომ ჰეიდარ ალიევმა, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, საფუძველი მხოლოდ აზერბაიჯანისა და საქართველოს კი არა, მთელი ამიერკავკასიის თანამედროვეობას ჩაუყარა. ყოველ შემთხვევაში, ის ენერგეტიკული დერეფანი, რომელიც ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენითა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენითაა ცნობილი, სწორედ ალიევ-შევარდნაძის დამსახურებაა. მაინც, ვინ იყო და როგორია ქართველების თვალით დანახული ჰეიდარ ალიევი? _ `ქართული სიტყვა» იწყებს საპილოტო პროექტს, რომელსაც პირობითად `ცეცხლოვანი რაში» დავარქვით (თუ რატომ `ცეცხლოვანი რაში», ამას წინამდებარე დოკუმენტური ნოველიდან შეიტყობთ)... მაშ ასე, დღეიდან, ყოველ ოთხშაბათს, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ყველაზე მასშტაბურ ამბებს მოგიყვებით...
შუაღამე გადასულია... ქარების ქალაქი გვიანი სექტემბრის სურნელით ტკბება... კალენდარზე 1995 წელი წერია...
სახელმწიფო მეთაურის რეზიდენცია ისეა გაჭახჭახებული, იფიქრებ, წვეულებააო, მაგრამ იქ ნამდვილი ნერვების ომია... 15 რუს გენერალს მოთმინების ფიალა ევსება... მასპინძელი სიმშვიდეს ინარჩუნებს... წამი-წამს მიჰყვება, წუთი _ წუთს... სახელმწიფო მეთაურის თანაშემწე ღელავს _ ტარიელი დერეფანში ბოლთას სცემს, არ იცის, რა ქნას, კაბინეტში შეხედვასაც ვერ ბედავს...
_ აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე? _ ანაზდეულად ტარიელს გონება უნათდება. წამიც და, სასტუმრო `აზრებაიჯანის» მეცამეტე სართულზე ელსმენი რეკავს.
_ ვინ უნდა იყოს? _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა 36 წლის მამაკაცმა და ყურმილში ჩასძახა, _ დიახ, გისმენთ.
_ გიორგი, შენ ხარ?
_ დიახ, რომელი ხარ?
_ ტარიელი ვარ...
_ ხომ მშვიდობაა? _ გულმა რეჩხი უყო ქართველს.
_ არ ვიცი... 12 საათია, ჰეიდარ ალიევი და 15 რუსი გენერალი კაბინეტში არიან ჩაკეტილნი... სახელმწიფო მეთაური, პრაქტიკულად, დატყვევებულია, _ ბორძიკ-ბორძიკით წარმოსთქვა თანამოსაუბრემ და ყურმილში გაბმული ზუმერი გაისმა.
ქართველი დიპლომატის გონებაში წარსული კინოკადრებივით გარბის...
1977 წელია.
ამიერკავკასიის რესპუბლიკებმა ტრადიციად აქციეს _ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირები ხან ერთ რესპუბლიკაში ხვდებიან, ხან _ მეორეში და ერთმანეთს მუშაობის გამოცდილებას უზიარებენ.
ამჯერად შეკრება თბილისში იმართება... მზიან საქართველოს აზერბაიჯანისა და სომხეთის ცეკა-ს მდივნები _ ჰეიდარ ალიევი და კარენ დემირჭიანი სტუმრობენ. ედუარ შევარდნაძეს კოლეგები თბილისის საავიაციო ქარხანაში მიჰყავს _ ახალი თვითმფრინავის, `მიგ 21»-ის წარმოება უნდა დაათვალიერებინოს. მაღალი რანგის სტუმრებს მოწინავე მუშახელი, პარტაქტივთან ერთად, ქარხნის შესასვლელში ხვდება. დამხვდურთაგან ერთ-ერთი საავიაციო ქარხნის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილეა. შევარდნაძე, ალიევი და დემირჭიანი ხელს გიორგი ჭანტურიასაც ართმევენ...
შეხვედრა სააქტო დარბაზში გრძელდება. ტრიბუნასთან აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელმძღვანელი მიდის. ალიევი ამბობს, რომ კავკასიის სამ რესპუბლიკას _ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს საბჭოთა კავშირისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და, მართლაც, ასეა: აზერბაიჯანი `შავი ოქროს» სამშობლოა, საქართველო კი, ინდუსტრიის მშენებელი რესპუბლიკაა: თბილისში ვაგონშემკეთებელი, ელმავალ და ჩარხმშენებელი ქარხნები გუგუნებენ, რუსთავში მეტალურგიული კომბინატი სრული დატვირთვით მუშაობს, ჭიათურასა და ზესტაფონში ძვირფასი წიაღისეულის გადამუშავება ხდება; შავი ზღვისპირა ქალაქებში _ ბათუმსა და ფოთში კი, საპორტო ინდუსტრიაა გაშლილი. ამასთან, ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი კომბინატიც ფუნქციონირებს. თუკი ყველაფერ ამას სატანკო წარმოებასაც დავამატებთ, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ გოგირდისწყლიანი თბილისი, ქარიან ბაქოსთან ერთად, წითელი იმპერიის საფუძველთა საფუძველია!
იმხანად ახალგაზრდა კომკავშირელმა, ცხადია, არ უწყის, თუ რას უმზადებს ბედისწერა. ბუნებრივია, არც იმას დაიჯერებდა, იმ წამს ვინმეს რომ ეთქვა, გავა წლები და, ალიევის თანამოაზრე გახდებიო...
წლები, მართლაც, გავა და... გიორგი ჭანტურიას ბედისწერა ბაქოში ჩაიყვანს, თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია, სხვა პოლიტიკური ანტურაჟით, რომელსაც ეპოქალური მოვლენა უსწრებს _ სისხლსა და ცრემლზე ნაგები `ერთ მუშტად შეკრული» წითელი იმპერია თვალსა და ხელშუა ჩამოიშლება. ყოფილი მოძმე რესპუბლიკები დამოუკიდებლობის ბურანში გაეხვევიან და აი, სწორედ ამ დროს, რუსულ იმპერიულ `დე ჟავუს» ახალი სუნთქვა ეხსნება _ ბალტიისპირეთში, საქართველოსა თუ აზერბაიჯანში მორიგი სისხლიანი დრამა თამაშდება... ყოფილი საბჭოთა ფუნქციონერები _ ჰეიდარ ალიევი და ედუარდ შევარდნაძე, ერთმანეთის მიყოლებით, იქ ბრუნდებიან, საიდანაც კარიერა დაიწყეს _ სამშობლოში...
როგორც ალიევს, ასევე, შევარდნაძეს ხალხი იმედით ხვდება...
ყარაბაღში სისხლიანი ომია და, ლუციფერმა უწყის, როდის დამთავრდება...
საქართველოში ეს-ესაა, სამოქალაქო ომი დამთავრდა და... აფხაზეთი აფეთქდა...
ორივე ქვეყანა პოლიტიკური აპოკალიპსის ზღვარზეა...
მოვლენები უფრო ფატალურად საქართველოში ვითარდება...
მოაზროვნე საზოგადოება ხვდება, რომ გადარჩენის, უფრო კონკრეტულად, კრემლის კლანჭებისგან დახსნის ერთადერთი გზა დასავლეთია, მაგრამ როგორ, რითი უნდა მიიქციოს ერთი მუჭა არშემდგარმა სახელმწიფომ ბებერი ევროპის ყურადღება?
თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან, დიპლომატიური კლუბი იწყებს ფუნქციონირებას, რომელსაც მოგვიანებით, `ხომლს» არქმევენ... ვაჟა ლორთქიფანიძე, აწ გარდაცვლილი გოგი ცომაია, თედო ჯაფარიძე და გიორგი ჭანტურია ერთმანეთს ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც ხვდებიან... მსჯელობენ... კამათობენ... გეგმებს აწყობენ...
ჭეშმარიტება კამათში იბადება! _ ეს აქსიომა ამ შემთხვევაშიც ამართლებს და ოთხეული თანხმდება, რომ საქართველომ, თავისი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის დერეფნის ფუნქცია უნდა შეასრულოს. დანამდვილებით არავინ იცის, ეს დერეფანი სარკინიგზო იქნება თუ საზღვაო, მაგრამ გოგი ცომაია, რომელსაც ტრანსპორტში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს _ ერთხანობას ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეც იყო, ამბობს, რომ საქართველოს მომავალი სწორედ სატრანსპორტო მაგისტრალია.
ეს ის დროა, როცა ოკეანისგაღმელები ამიერკავკასიის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ჯერ არ ამჟღავნებენ. ეს კი არადა, თბილისში სულ ერთი უცხოელია _ ჯონ ვიტკინსონი, რომელთანაც ურთიერთობა ოთარ შამათავასა და ლაშა თაბუკაშვილს აქვთ...
მაშ, ასე: იდეა არსებობს, რომელიც რეალობად უნდა იქცეს, მაგრამ როგორ?
მთავარია, მიზანი არსებობდეს, თორემ გზა ყოველთვის გამოჩნდება. ეს გზა კი, რაღა თქმა უნდა, ედუარდ შევარდნაძეა _ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, ადამიანი, რომელმაც `ცივი ომის» დრო მსოფლიო ღიმილით მოაჯადოვა და თავისი გურული დიპლომატიით დიპლომატიის პატრიარქები _ ამერიკელებიც მოხიბლა.
_ ყველაფერი ბატონ ედუარდს უნდა ვუთხრათ, _ ასკვნის ოთხეული.
სახელმწიფო მეთაურთან შეხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს _ ბოლოს და ბოლოს, გია ჭანტურია მისი მრჩეველია, ვაჟა ლორთქიფანიძე კი, _ აპარატის უფროსი.
შემომგლისფერდა...
`იმელის» შენობაში ოთხი ლანდი შედის...
ედუარდ ამბროსის ძე მოსულებს თვალით ანიშნებს, არაფერი თქვათო და აივანზე გასასვლელ კარს აღებს.
აივანი პატარაა, იმდენად პატარა, რომ ხუთი კი არა, ორი ადამიანიც ძლივს დაეტევა, მაგრამ ნათქვამია, საბანი ისე დაიფარე, როგორც გაგწვდებაო. ჰოდა, `საიდუმლო სერობის» მონაწილენიც `საბანს იწვდენენ». სხვა უფლებაც არ აქვთ _ ყველამ იცის, რომ ჩრდილოეთელი `კეთილისმსურველნი» ყველას და ყველაფერს უთვალთვალებენ, უსმენენ, ლუპის ქვეშ ატარებენ... ამიტომ, ოთხეული ზემოხენებულ გეგმას შევარდნაძეს სწორედ აივანზე აცნობს.
_ გია, _ ხანმოკლე პაუზას ამბროსის ძე არღვევს.
_ დიახ, ბატონო ედუარდ.
_ ვიცი, აზერბაიჯანში მეგობრები გყავს...
_ რა თქმა უნდა, _ გია ჭანტურია, თანხმობის ნიშნად, თავს უქნევს, თან უკვირს, ნეტავ, საიდან გაახსენდა, რომ ბაქოში ვსწავლობდიო.
იმხანად, როცა ახალგაზრდა, პერსპექტიული და იმედისმომცემი ახალგაზრდა, გიორგი ჭანტურია პარტიამ ბაქოს უმაღლეს პარტსკოლაში გააგზავნა, რესპუბლიკის მეთაურის სტატუსი აღარც ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა და აღარც _ ჰეიდარ ალიევს. ორივე ცენტრში, ესე იგი, კრემლში მოღვაწეობდა, თან მაღალ თანამდებობაზე: შევარდნაძე საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ, ალიევი _ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
მერე, წლები რომ გავა, საბჭოთა კარიერაზე უარს ორივე ნებით იტყვის _ ჰეიდარი თანამდებობას 1987 წელს დატოვებს, ედუარდიც გადადგება, ოღონდ რამდენიმე წლის შემდეგ, ე.წ. მოსკოვის გეკა-ჩეპეს ბუნტის დროს.
_ დიქტატურა მოდის! _ იტყვის მამათელი პედაგოგის ვაჟი და კომუნისტებით გაძეძგილ დარბაზს დატოვებს.
ჰეიდარიც პროტესტანტია _ გორბაჩოვის ხუშტურებს ორი წელი ითმენს. ბოლოს, `რევერანსები» ყელში ამოუვა და თანამდებობაზე უარს სწორედ ყარაბაღის ომის დაწყების გამო იტყვის...
ისე, ორი კავკასიელის ბიოგრაფია ერთმანეთს რაღაცით ჰგავს:
ედუარდ შევარდნაძე საქართველოს დასავლეთ პროვინციაში, გურიის სოფელ მამათში, პედაგოგის ოჯახში დაიბადა... საფერშლოზე სწავლობდა და პარტიული წინსვლა, ალბათ, აზრადაც არ მოსვლია...
ჰეიდარ ალიევიც პერიფერიიდანაა _ მართალია, ნახიჭევანი წითელი აზერბაიჯანის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრია, მაგრამ მაინც პერიფერიად ითვლება. მშობლები ტიპური საბჭოთა მოქალაქეები არიან: დედა დიასახლისია, მამა _ მოსამსახურე. მეოთხე შვილს ჰეიდარს არქმევენ...
მომავალი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე კარგი მოწაფეა. სკოლის დამთავრების შემდეგ, საბუთები ბაქოს უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე შეაქვს. არავის სჯერა, რომ ნახიჭევანელი ბიჭი სტუდენტი გახდება, მაგრამ ჰეიდარი, აშკარად, იღბლიანია _ მისაღებ გამოცდებს წარმატებით აბარებს...
ნახიჭევანიდან ბაქო შორსაა _ ქარების ქალაქში მხოლოდ ავტობუსი დადის. მგზავრობა ხანგრძლივი და დამქანცველია. ამიტომ, უმჯობესია, მატარებლით ისარგებლოს, მაგრამ ავტონომიური რესპუბლიკიდან დედაქალაქამდე ლიანდაგები არაა. `პოეზდს» თბილისამდე უნდა გაჰყვეს. იქ, რამდენიმე საათი, ვაგზალზე იყურყუტოს და მერე, ბაქოს მატარებელში გადაჯდეს. უდავოდ, მომქანცველი მარშრუტია, მაგრამ მომავალი ლიდერი სწავლასაა მოწყურებული. არ იღლება _ ნახიჭევანიდან თბილისამდე, თბილისიდან ბაქომდე გადაჭიმულ კილომეტრებს კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას `კეცავს»...
მატარებელში მხიარულებაა _ ქართველები პურ-მარილს შლიან და დრო ისე გადის, ვერც გაიგებ. ახალგაზრდა ჰეიდარი ქართული სუფრის მადლს ეზიარება და მერე, დრო რომ გავა, გია ჭანტურიას ეტყვის:
_ ქართულ სადღეგრძელოს არაფერი შეედრება!
ალიევი საქართველოს დედაქალაქში მეგობრებსაც იჩენს _ თბილისის ვაგზლის `გრუშჩიკებმა» იციან, რომ ეს წარმოსადეგი, სიმპათიური ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ჰეიდარია, რომელიც ბაქოში, არქიტექტურულზე სწავლობს... აზერბაიჯანის მომავალი პირველი პირი, რამდენიმესაათიან თბილისურ ტაიმ-აუტს უქმად არ კარგავს _ ფიროსმანის ქუჩას, პლეხანოვსა და, საერთოდ, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიას ძირისძირობამდე სწავლობს. საქართველოს დედაქალაქში ნათესავები ჰყავს _ შეუძლია, შეუაროს, მოინახულოს, დაისვენოს, მაგრამ რა დროს დასვენებაა _ თბილისის ლანდშაფტი და არქიტექტურა ხომ თვით ღმერთების შექმნილია! ჰოდა, ჰეიდარიც `ღვთის ნახელავით» ტკბება...
_ ქართველებს ულამაზესი ქალები გყავთ, _ ეტყვის წლების შემდეგ ჰეიდარ ალიევი თავის ქართველ თანამოაზრეს, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, გიორგი ჭანტურიას, რომელსაც სთხოვდა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ნავთობკომპანიებთან გამართულ ყველა მნიშვნელოვან მოლაპარაკებას დასწრებოდა. კავკასიური პოლიტიკის ერთ-ერთი პატრიარქი ქართველ შეგირდს არც იმას დაუმალავს, რომ ქართული პოეზია ღმერთების ენითაა დაწერილი.
_ `მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამზღვარი» _ უთხრა ერთხელ გია ჭანტურიას აზერბაიჯანის ლიდერმა. ქართველი დიპლომატი დაიბნა და ვიდრე რამეს ჰკითხავდა, თანამოსაუბრემ დააკვალიანა, _ გიორგი, აი, ბარათაშვილი პირველად სტუდენტობის დროს წავიკითხე, სხვათა შორის, პასტერნაკსაც მაშინ გავეცანი...
_ საქართველო ამ კაცისთვის ნამდვილი ბედისწერაა! _ გაიფიქრებს გია ჭანტურია მას შემდეგ, რაც ჰეიდარ ალიევი განჯაში, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილი მოღვაწეობდა, ქართველი რომანტიკოსის სახლ-მუზეუმს აღადგენს და გახსნის.
ჰეიდარ ალიევი მხოლოდ ბარათაშვილს კი არა, საქართველოს ისტორიასაც კარგად იცნობს და, რასაკვირველია, 1918 წლის მაისის მოვლენებიც იცის: 26 მაისს, მეფისნაცვლის სასახლეში (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი) საქართველოს პირველი რესპუბლიკა ოფიციალურად ფორმდება. ორიოდ დღის შემდეგ კი, 28 მაისს, იმავე დარბაზში დამოუკიდებლობას აზერბაიჯანის პოლიტელიტაც აცხადებს. ასე იბრუნებს ისტორიული აზერბაიჯანი თვითმყოფადობას, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია, რუსი იმპერიალისტების საჯიჯგნ-სათრევია. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრად საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი თოფჩიბაშევი ინიშნება...
ხანდახან, როცა მარტოა, ჰეიდარ ალიევი გონებაში ისტორიის ფოლიანტებს ფურცლავს... მირზა ფათალ ახუნდოვის პოეზია ახსენდება... მირზა თბილისშია დასაფლავებული _ მის საფლავზე არაერთხელ ყოფილა. გამოჩენილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, უზეირ ჰაჯიბეკოვიც საქართველომ დააფრთიანა _ გორში სწავლობდა, მერე, ზაქარია ფალიაშვილისა და სხვა გენიოსი ქართველების წრეში მოხვდა...
...ხვალ თუ ზეგ ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეა _ 75 წელი უსრულდება. ქართული სახელმწიფოს მეთაური, ედუარდ შევარდნაძე და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, გიორგი ჭანტურია თანხმდებიან, რომ მეგობარსა და საქართველოს დიდ გულშემატკივარს სიურპრიზი გაუკეთონ... ამას წინათ, დიპლომატმა მოქანდაკე გია ჯაფარიძესთან ორიგინალური ქანდაკება ნახა: შუაზე გაგლეჯილი მიწიდან ცეცხლოვანი რაში ამოდის _ ეს კომპოზიცია რაღაცით ალიევს, მის ხასიათსა და ცხოვრებას ჰგავს... ჭანტურია შევარდნაძეს სთავაზობს, რომ ჰეიდარს იუბილე სწორედ ამ `ცეცხლოვანი რაშით» მიულოცონ. შევარდნაძეს იდეა მოსწონს...
ყველაფერი გასაიდუმლოებულია _ ქანდაკების დამზადება-დამონტაჟების შესახებ მხოლოდ რამდენიმემ უწყის. 10 მაისს კი, ჰეიდარ ალიევი იგებს, რომ მეგობრებმა `ცეცხლოვანი რაში» აჩუქეს. სხვათა შორის, ქარების ქალაქში ეს ცხენის პირველი ქანდაკებაა...
_ გია, _ ედუარდ შევარდნაძე `იმელის» აივნიდან მთაწმინდას გაჰყურებს, _ ვფიქრობ, აზერბაიჯანში ფოთის პორტის ხელმძღვანელ, ვალერი გეგიძესთან ერთად უნდა წახვიდე და სატრანსპორტო დერეფნის საკითხი გაააქტიურო.
ასე და ამგვარად: ორი ქართველი ემისარი _ გია ჭანტურია და ვალერი გეგიძე გეზს ქარების ქალაქისკენ იღებენ... თბილისის აეროპორტი, პრაქტიკულად, არ მუშაობს. დესპანები იძულებულნი არიან, მეზობლებს ავტომანქანით ესტუმრონ. საწვავს ვალერი გეგიძე შოულობს.
ვიზიტი გასაიდუმლოებულია...
_ ბაქოში ნატიკი გვიმასპინძლებს, ალიევი, _ მტკიცედ ამბობს გია ჭანტურია, _ ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ, კარგი პიროვნებაა, ვმეგობრობთ... სხვა ბაქოელ ძმებსაც მოვინახულებ.
_ მაინც, ვის? _ ინტერესდება გეგიძე.
_ ელდარ აზიზოვს.
_ მაგასაც მოსკოვიდან იცნობ?
_ არა. თბილისის და ბაქოს კომკავშირის ქალაქკომის მდივნები ერთ პერიოდში ვიყავით, _ ამბობს ჭანტურია და ბაქომდე ხმას აღარ იღებს.
ელდარ აზიზოვი მონატრებულ მეგობარს გულღიად ხვდება და ჰპირდება, რომ ილხამს შეახვედრებს. ილხამი ჰეიდარ ალიევის ვაჟია, აზერბაიჯანის საინვესტიციო კომპანიას ხელმძღვანელობს. უფროსი ალიევი კი, ნახიჭევანის ავტონომიური ოლქის მეჯლისის თავმჯდომარე და, ავტომატურად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, ანუ ვიცე-სპიკერია.
ბაქოს `ინტურისტში» საქმიანი შეხვედრა ოთხი საათი გრძელდება. ქართველები მასპინძლებს არწმუნებენ, რომ საქართველო-აზერბაიჯანი მსოფლიოსთვის დერეფანი უნდა გახდეს. მოგვიანებით, მოლაპარაკებაში აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებიც ერთვებიან. გია ჭანტურია ამ სფეროში დილეტანტია, აი, ვალერი გეგიძეს კი, ვერაფერს გამოაპარებთ.
_ ტვირთების საქმე როგორაა? _ ინტერესდება ვალერი და მასპინძლებს სრულიად შოკისმომგვრელ იდეას სთავაზობს, _ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ შუააზიის ქვეყნები რუსეთს ჩამოვაშოროთ და ფოთს მივაბათ?
მასპინძლები დუმან.
დუმილი, როგორც წესი, თანხმობის ნიშანია.
მაშასადამე, აზერბაიჯანელი მეგობრებისთვის ქართველების იდეა მისაღებია.
საქართველო უფლის წილხვედრი ქვეყანაა. აზერბაიჯანი კი, უძველესი ალბანეთია. უფლის საყვარელი მოციქული ბართლომე სწორედ იქ აწამეს, სადაც ახლა ბაქოა გაშენებული...
თავისუფლების ხიბლი სწორედ წამებაშია!
საქართველო და აზერბაიჯანი თავისუფლებისკენ ილტვიან!
ჰოდა, ამ გზაზე წამება რა სახსენებელია?!
ამ ქვეყნებს იესო და მუჰამედი მფარველობენ...
ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეგობრობა ზეცაშია ნაკურთხი!
ეს ჰეიდარ ალიევმაც იცის და... 90-იანი წლების მიწურულს, ბაქოში, სამთავრობო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს უმასპინძლებს. აზერბაიჯანელი ხალხის ლიდერი და ქართველთა სულიერი მოძღვარი დიდხანს, ძალიან დიდხანს საუბრობენ, მეგობრდებიან... მერე, როცა სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხოლმე, ჰეიდარი გია ჭანტურიას უხმობს და ეუბნება:
_ გიორგი, თქვენი პატრიარქი ბრძენია... შეგიძლია, ჰკითხო, ამ და ამ საკითხზე რას ფიქრობს?!
_ რა თქმა უნდა, ვკითხავ!
გამოცდილმა და მრავლისმნახველმა მოღვაწემ, ჰეიდარ ალიევმა გია ჭანტურიას 1996 წლის იანვარშიც უხმო, უფრო სწორად, დაურეკა და ჰკითხა:
_ შეგიძლია, თბილისში ჩახვიდე და ედუარდ ამბროსის ძეს მხარდაჭერა სთხოვო?
_ რა თქმა უნდა, _ მკვირცხლად მიუგო ქართველმა დიპლომატმა და წამიერი პაუზის შემდეგ, დასძინა, _ ხომ მშვიდობაა, ბატონო პრეზიდენტო?
_ თუ შეიძლება, ამას მშვიდობა ერქვას, მაშინ მშვიდობაა: ხორბლის ორი დღის მარაგიღა გვაქვს. თუ საქართველო არ მოგვაშველებს, შიმშილი გარდაუვალია!
ქარების ქალაქში ბარდნის...
საქართველოშიც თოვს...
ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკა _ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ოკეანისგაღმიდან, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ხორბალს იღებს. ტვირთი ფოთის პორტში გემებით შემოდის და რკინიგზით ნაწილდება. საქართველოში `მხედრიონი» და სხვა ბანდფორმირებები თარეშობენ... არავინ დაგიდევს, ხორბალი ვისია _ ქართველების, აზერბაიჯანელებისა თუ სომხების კუთვნილს ერთნაირად იპარავენ...
რამდენიმე საათის შემდეგ, მოვლენების ეპიცენტრი თბილისის აეროპორტია: ედუარდ შევარდნაძე უცხოეთში მიფრინავს. ბედად, ბაქო-თბილისის რეისი დროზე ეშვება... გია ჭანტურია ედუარდ შევარდნაძეს აეროპორტშივე ხვდება. დიპლომატი, რომელმაც გერმანიის გაერთიანება შეძლო, ყურადღებით უსმენს...
ამბობს: _ ყველაფერი გასაგებია. აუცილებლად უნდა დავეხმაროთ!
გია ჭანტურია, აზერბაიჯანელ სტუმრებთან ერთად, სამტრედიაში მიდის, მთელი ღამე მუხლებამდე თოვლს კვალავენ და... 11 ვაგონ ხორბალს აგროვებენ. ეშელონი გეზს ბაქოსკენ იღებს.
_ თვითმფრინავით გავემგზავროთ, _ სთავაზობს ჭანტურია სტუმრებს.
_ ჯობია, ხორბალს გავყვეთ, _ პასუხობენ...
_ კი ბატონო...
ყველაფერი `ჰეფი ენდით» დამთავრდება _ აზერბაიჯანი შიმშილს გადაურჩება და... დიპლომატიურ შეხვედრებზე ჰეიდარ ალიევი ხუმრობს ხოლმე:
_ მართალია, დიპლომატები თვითმფრინავებით მგზავრობენ, მაგრამ როცა საქმე მეგობრობას ეხება, თავს ხორბლით დატვირთულ ვაგონებშიც კომფორტულად გრძნობენ!
ასეთ დროს გია ჭანტურიას სიამაყის განცდა ეუფლება... ამაყია, ამაყი, რადგან ბედისწერამ მე-20 საუკუნის ორ უდიდეს დიპლომატსა და პოლიტიკოსთან _ ედუარდ შევარდაძესა და ჰეიდარ ალიევთან მეგობრობა არგუნა!
_ ისინი ერთმანეთის დასაყრდენები იყვნენ, _ ამ სიტყვებს გია ჭანტურია მაშინ იტყვის, როცა ალიევი და შევარდნაძე ცოცხლები აღარ იქნებიან, თუმცა გარდაცვალებამდე დიდი დროა, ჯერ ჰეიდარ ალიევმა საქართველო გაყინვას უნდა გადაარჩინოს, ედუარდ შევარდნაძემ კი, ძველი მეგობარი 15 რუსი გენერლის ტყვეობიდან უნდა იხსნას...
ამ დრამატულ ამბებამდე კი, ჰეიდარ ალიევი ცდილობს, აზერბაიჯანში სამოქალაქო ომი არ დაუშვას: როგორც ვიცე-სპიკერი პრეზიდენტ აბულფაზ ელჩიბეისთან მოლაპარაკებას მართავს...
პოლკოვნიკი სერეთ ჰუსეინოვი სულსწრაფია _ განჯიდან ტანკებით იძვრება და ბაქოს ალყაში აქცევს.
აზერბაიჯანში კლასიკური სახელმწიფო გადატრიალება თამაშდება...
ელჩიბეი ემიგრაციაში მიდის.
ხალხი დარწმუნებულია, რომ შექმნილი სიტუაციიდან ქვეყანას ერთადერთი ადამიანი გამოიყვანს. ეს ადამიანი ჰეიდარ ალიევია _ აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროებისა და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტების ყოფილი პირველი მდივანი, სკკპ ცეკა-ს პოლიტბიუროს ყოფილი წევრი, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე...
ასე და ამგვარად: ხალხი უკეთეს მომავალს ირჩევს _ 1993 წელს, ჰეიდარ ალიევი, პირველი ვადით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ხდება. ამ დროს ის 70 წლისაა. მოსახლეობა პრეზიდენტის მანდატს 1998 წელს მეორედაც ანდობს...
და საბედისწერო 1996 წელიც დგება...
სექტემბრის მიწურული...
პრეზიდენტის რეზიდენცია...
15 რუსი გენერალი ჰეიდარ ალიევს საკუთარ კაბინეტში ატყვევებს...
მადლობა ღმერთს, ალიევის თანაშემწე ტარიელმა მოიფიქრა და გია ჭანტურიას დაურეკა. კიდევ კარგი, არც ჭანტურია დაიბნა და კომუტატორის ოპერატორს ლამის შეეხვეწა, სასწრაფოდ, თბილისთან დამაკავშირეო...
_ `ვე-ჩე»-ზე გია რეკავს, ჭანტურია, _ ახსენებენ სახელმწიფოს მეთაურს.
ედუარდ შევარდნაძეს ალღო არასოდეს ღალატობს _ ახლაც ხვდება, რომ ელჩი კარგს არაფერს ეტყვის და ყურმილს იღებს...
ვანო პავლიაშვილი, „ქართული სიტყვა“
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)