რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ საუბრისას, ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა ხაზი გაუსვა მოკავშირეებს შორის გადამწყვეტი რეაგირებისა და სოლიდარობის აუცილებლობას.
როგორც რინკევიჩმა აღნიშნა, ბალტიის რეგიონში რუსეთის პროვოკაციები ადასტურებს ნატო-ს და ევროპული სანქციების გამკაცრების არჩეული კურსის სისწორეს.
მისი თქმით, გასულ კვირას რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა და რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ჰიბრიდული ომის ახალი ფორმაა.
რინკევიჩსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი პროვოკაციებით რუსეთი „ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო პასუხის გამოცდას“ ცდილობს.
მისი თქმით, არავის სურს კიდევ ერთი ომის პროვოცირება, მაგრამ რუსეთის ქმედებები არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს.
„ამიტომ, ზუსტი პასუხების პოვნა და განხორციელება ძალიან რთულია, მაგრამ ეს პროცესი გრძელდება. რაც უფრო მეტად მოახდენს რუსეთი ნატო-ს პროვოცირებას, მით უფრო მაღალია სერიოზული კონფლიქტის რისკი.
ამჟამად, რუსეთი საკმარისს აკეთებს იმისთვის, რომ ისე ჩანდეს, თითქოს ძალიან შორს არ მიდის.
„მაგრამ, რუსეთში აზროვნების ლოგიკისა და სხვადასხვა დონეზე ხშირი არაკომპეტენტურობის გათვალისწინებით, ეს შეიძლება მოხდეს, პასუხისმგებლობა კი კრემლს დაეკისრება“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთი მხოლოდ მაშინ გაჩერდება, როდესაც წინააღმდეგობას წააწყდება - „სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ და შევახსენოთ ჩვენს მოკავშირეებს“.
„ეს რთული დროა, ნერვული დაძაბულობისა და ძალის გამოცდის დრო. უსაფრთხოება მუდმივად ცვალებადი პროცესია, სავსე ყოველდღიური გამოწვევებით, მაგრამ ეს ზუსტად ის პასუხისმგებლობა და ამოცანაა, რომლის წინაშეც ჩვენი თაობა უნდა დადგეს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად - აქ, ლატვიასა და დასავლურ სამყაროში - ჩვენ ამას თავს გავართმევთ“, - აღნიშნა რინკევიჩმა.