რუსეთის შავ სიაში 200-მდე ადამიანი მოხვდა. ამის შესახებ გაზეტი „იზვესტია“ დღებანდელ ნომერში იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, „პერსონა ნონ გრატების“ ნუსხაში ძირითადად ის ამერიკელი მაღალჩინოსნები მოხვდნენ, რომლებიც აშკარა ანტირუსული რიტორიკით გამოირჩევიან. არასასურველ პირებს შორის არიან პრეზიდენტ ობამას თანაშემწეები კეროლაინ ატკინსონი, დენიელ პფაიფერი და ბენჯამინ როდე, ასევე, კონგრესში უმრავლესობის ფრაქციის ლიდერი ჰარი რიდი, წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი რობერტ მენენდესი, გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაქქეინი და სხვები.