დონეცკისა და ლუგანსკის დეფაქტო ლიდერები კიევს ახალ ულტიმატუმს უყენებენ. ერთობლივი განცხადებით ზახარჩენკო და პლოტნიცკი უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც დონბასი ოკუპირებულ ტერიტორიად გამოცხადდა. სეპარატისტთა ლიდერების განცხადებით, კიევთან კომპრომისი მანამდე იქნება შეუძლებელი, სანამ უმაღლესი რადა "სამარცხვინო გადაწყვეტილებას" არ გააუქმებს. მათივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას არა მთლიანად ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის, არამედ ამ ტერიტორიის ცალკეული ნაწილებისთვის აპირებს, რაც დონეცკისა და ლუგანსკის დეფაქტო რესპუბლიკებისთვის მიუღებელია. სეპარატისტები რადას მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის იმ მუხლსაც ეწინააღმდეგებიან, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული სტატუსი დონბასის ცალკეულ რაიონებს სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ მიენიჭება.