საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბრუცელოზის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ბრუცელოზის შემთხვევები დაფიქსირებულია მცხეთაში, საგარეჯოში, ოზურგეთში, თიანეთსა და სხვა რაიონებში. რამდენიმე კი ხნის წინ კი ბრუცელოზის შემთხვევა ხობში, სამტრედიასა და სხვა რაიონებშიც დაფიქსირდა.
აღნიშნულზე "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს" ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია და მოსახლეობა დაავადების რისკებთან დაკავშირებით არ გაუფრთხილებია. მეტიც _ ამ დრომდე ცხოველთა გეგმიური ვაქცინაცია არ ჩატარებულა.
ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი თენგიზ ყურაშვილი აცხადებს, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ დეკემბერში ჩატარებული ვაქცინაცია არაკვალიფიციურობის დადასტურებაა.
"ვინც ეს დაგეგმა, იმას ვეტერინარიასთან ალბათ საერთოდ შეხება არ აქვს. თუ ეს იდეა ხელმძღვანელობიდან მოდის, მით უმეტეს, უარესი და დამღუპველია ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება, ივნისსა და დეკემბერში დაიგეგმოს ვაქცინაციის პროცესი, როცა ყველგან ტარდება ადრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ყურაშვილმა.
ყურაშვილი განმარტავს, რომ გაზაფხულზე, მაშინ, როდესაც ცხოველი ბაგური შენახვიდან საძოვრულზე გადადის, ანუ საძოვარზე გასვლისას, იგი უკვე იმუნური უნდა იყოს, რომ გარემოში მოხვედრის შემდეგ არ დაავადდეს.
"პრაქტიკულად, ახლა და აპრილის ბოლომდე ვაქცინაციის პროცესი უკვე დასრულებული უნდა იყოს. შემოდგომაზე პირიქით ხდება, ანუ საძოვრიდან ბაგურ შენახვაზე გადასვლის პროცესი მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინაცია ოქტომბერში უნდა დაიწყოს და ნოემბერში დასრულდეს. რა აზრი აქვს დეკემბერში საქონელის აცრას, როცა ამ დროს საქონელი უკვე ორი თვეა სადგომშია შესული? ვინც ეს დაგეგმა, ხაზს ვუსვამ, რომ ვეტერინარიისგან ძალიან შორსაა და თუ ამ იდეის ავტორი ჩემი რომელიმე კოლეგაა, მე მრცხვენია მის მაგივრად", - აცხადებს აკადემიკოსი.
ყურაშვილი განმარტავს, რომ როცა რეფორმა ტარდებოდა და სურსათის უვნებლობის შესახებ კანონს იღებდნენ, ისეთი პირობა დაიდო მთავრობის მესვეურებისგან, რომ ვეტერინარიის სამსახურის სათავეში ყოველთვის სპეციალისტი იქნებოდა - ვეტერინარი ექიმი, ან მცენარეთა დაცვის სპეციალისტი.
"მე პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ მაქვს არც ქალბატონ მაია მეტრეველთან და არც მის მოადგილეებთან, მაგრამ არც ერთი მათგანი აღნიშნული დარგების სპეციალისტები არაა. როგორ შეიძლება, მენეჯმენტი მართოს ადამიანმა, რომელმაც ვეტერინარიის დარგი არ იცის?" - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თენგიზ ყურაშვილმა.
სპეციალისტი აცხადებს, რომ ვეტერინარია სპეციფიკური დარგია, დაკავშირებულია მრავალ სხვადასხვა გარემოებასთან და ეს ფაქტორები ზოგ შემთხვევაში ერთმანეთს გამორიცხავენ და ზოგ შემთხვევაში ავსებენ.
"როცა ადამიანი ამ დარგის სპეციალისტი არ არის, მისთვის ძნელია ამ ფაქტორების გარჩევა. ხშირად მესმის, რომ ევროპასა და ამერიკას უნდა მივბაძოთ. აშშ-ის მეცხოველეობის დონე და გაძღოლის პრინციპები სრულიად განსხვადება იმისაგან, რაც საქართველოშია. სპეციალისტმა ეს განსხვავებები უნდა იცოდეს და შესაბამისი დასკვნებიც უნდა გააკეთოს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" აკადემიკოსმა.
"ჯი-ეიჩ-ენი" უკვე წერდა იმის შესახებ, რომ გასულ წელს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურმა" ვაქციანაცია აბსოლუტურად მიუღებელ ვადაში _ დეკემბერში ჩაატარა, როდესაც ვაქციანას არავითარი ეფექტურობა არ გააჩნია. სამსახურის უფროსის მოადგილემ, ზურაბ ბეჟანიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" დაუდასტურა, აცრების დეკემბერის შუა რიცხვებში ჩატარება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არანაირი დარღვევა არ იყო და განმარტა, "დეკემბერში აცრების ჩატარება დასაშვები და შესაძლებელი იყო".
საინტერესოა იცის თუ შესაბამისმა სტურქტურებმა, რომ ქვეყანში ცხოველთა დაავადებების გავრცელებით მცირდება მათი სულადობა და ხარისხი. ასევე, ცხოველთა ინფექციურ დაავადებებს კი, გარდა იმისა, რომ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, კატასტროფამდე მიჰყავს ეკონომიკა, იკარგება მეცხოველეობის დიდძალი ძვირადღირებული ნედლეული. ამას ემატება ისიც, რომ საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ეპიზოოტიური რისკის ზონაშია.