მსოფლიოში ცნობილი ქართველი სპორტსმენი გიგა ჭიკაძე, 28 თებერვალს დამწყები ქართველი სპორტსმენებისთვის მასტერკლასს გამართავს. სემინარი 15:00 საათზე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში ჩატარდება.
კიკბოქსინგში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, სემინარს სპორტის ორ სახეობაში - კიკბოქსინგში და ტაილანდულ კრივში ჩაატარებს. ტრენინგში მონაწილეობას ოცამდე 8-დან 25 წლამდე ასაკის სპორტსმენი მიიღებს.
„საქართველოში დროებით ვიმყოფები, გადავწყვიტე ქართველებისთვის საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა. იდეის მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს დამწყებმა სპორტსმენებმა. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „რომპეტროლს“ და „ივერიაბეთს“ რომელიც ჩემი ინიციატივის მხარდამჭერია და ამასთან ერთად ჩემი სპონსორიცაა“ აცხადებს გიგა ჭიკაძე.
ახალგაზრდა სპორტსმენების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, გიგა ჭიკაძე ანალოგიური მასტერკლასების ჩატარებას სამომავლოდაც გეგმავს. „არ დავიზარებ, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველებს გავუზიარო. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობები განვითარებული არ არის. ხშირად არ ტარდება სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ვისურვებდი რომ ამ სპორტს მეტი ყურადღება დაეთმოს“.
გიგა ჭიკაძე 3 მარტს ამერიკაში, კერძოდ ლოს-ანჯელესში გაემგზავრება სადაც MMA-ს კლუბში, მსოფლიოში აღიარებულ სპორტსმენებთან ერთად ივარჯიშებს.