თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე თანამშრომელზე ზეწოლის ფაქტს ვერ იხსენებს და აცხადებს, რომ დეტალურ განმარტებას აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ გააკეთებს.
„თანამდებობის დატოვებაზე ლაპარაკი არ მქონია. თანამშრომლებს ბევრს ვესაუბრები, მაგრამ ასეთი საუბარი არ მქონია, ჩანაწერი უნდა ვნახო და მერე დამირეკეთ,” - განაცხადა ნიჟარაძემ ,,რუსთავი-2”-თან სატელეფონო ინტერვიუში.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გეგი ნიჟარაძეს თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
ფარული აუდიოჩანაწერი არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა” გაავრცელა.
ორგანიზაციის განმარტებით, გეგი ნიჟარაძე ერთ-ერთ თანამშრომელს აიძულებს ნებით დატოვოს თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლებით იმუქრება.
ფარული ჩანაწერი თავად მერიის თანამშრომელმა გააკეთა, რომელიც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს, თუმცა მზაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
პირი, რომელსაც ნიჟარაძე სამსახურის დატოვებას სთხოვდა, მერიაში 2010 წლიდან მუშაობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ნიჟარაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს და აცხადებს, რომ ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია.