ხვალ, 24 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმის მმართველ კომიტეტთან შეხვედრა.
საგარეო უწყების ცნობობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უწყებებისა და რელევანტური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ანუ ისინი, ვინც უშუალოდ ახორციელებენ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2013 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.
,,ჯგუფს, რომელიც აქ ჩამოდის უშუალო შეხვედრები ექნება ყველა იმ უწყებასა და ინსტიტუტთან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ამ გეგმის განხორციელებასა და შემუშავებაში. როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის 6 თებერვალს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ბატონ ტორბიონ იაგლანდის საქართველოში ვიზიტისას გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2013-2015 წ.წ. სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია. დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ 2013-2015 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების - ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სრულყოფილად შესრულების პროცესში საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება ხდება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებათა დაცვა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, პენიტენციური სისტემა და პოლიციის რეფორმა, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კარგი მმართველობა, ადგილობრივი დემოკრატია, შემწყნარებლობა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და ნდობის აღდგენის მექანიზმები”, _განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ.
მისივე განცხადებით, 24 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს წარმომადგენლები წარადგენენ შუალედურ ანგარიშს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესრულების შესახებ. ასევე განხილული იქნება სამოქმედო გეგმაში შესაძლო ცვლილებების განხორციელებისა და დონორების მოძიების საკითხები.