"კონსერვატიული პარტიის" ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში "ეროვნული საბჭო" ქუჩაში გამოვა.
"არ ვაპირებთ, გავცდეთ კანონის ფარგლებს, მაგრამ ჩვენ ხმებს დავიცავთ", - განაცხადა ძიძიგურმა დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
აღნიშნულ კონტექსტში ძიძიგური "ეროვნული საბჭოს" მოღალატეობის შესახებ ხელისუფლებაში გაკეთებულ განცხადებებს "ჭორს" უწოდებს, უმრავლესობის წევრთა პროგნოზს კი იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობის პროვოცირებას ახდენს, "ხალხის დაშინების მცდელობად" აფასებს.
"ოპოზიციის მოღალატეობა არც ერთხელ არ დადასტურებულა და ეს არც დადასტურდება, რადგან სრული აბსურდია", - განმარტა ძიძიგურმა.