საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„-ის ("შემოქმედებითი ევროპა") წევრი ქვეყანა ხდება - ამ თემასთან დაკავშირებით, 11:00 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ბრიფინგი. ბრიფინგს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრებიან.
24 თებერვალს, ბრიუსელში, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში - ტობას ნავრაჩიჩი, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა - "Creative Europe"-ის („შემოქმედებითი ევროპა") წევრი გახდება. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართება. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, რომელიც აღნიშნული პროგრამის წევრი ხდება.
"Creative Europe" („შემოქმედებითი ევროპა") წარმოადგენს ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.
პროგრამაში - „შემოქმედებითი ევროპა", მონაწილეობის მიღება შეუძლია კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში. "Creative Europe"-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 6 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) მოხმარდება კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას. დაფინანსების მეშვეობით, საქართველოში არსებულ კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ - იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლის/მსმენელის წინაშე და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები.
პროგრამა „Creative Europe"-ის („შემოქმედებითი ევროპა") წევრად გახდომა, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
მასალის გამოყენების პირობები