დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას განცხადებით, რუსეთმა, კერძოდ კი ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა.
"საქართველოს წინააღმდეგ პუტინმა ახალი სტრატეგიული გეგმა შემიმუშავა, რომლიც სურს ქართული დიასპორის საშუალებით განახორციელოს. რუსეთის პრემიერი თავის ზრახვების შესასრულებლად სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე კრიმინალური წარსულის მქონე ალექსანდრე ებრალიძე იყენებს, რომლის საშუალებითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები 23-24 აპრილს ე.წ. "საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმზე" მიიწვია. კრემლს სურს მსოფლიოს დაანახოს, რომ ვითომ არსებობს ხალხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაპირისპირებულები", - განაცხადა პაპუნა დავითაიამ დღეს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ ფორუმზე ქართველების ჩასაყვანად რუსეთის ხელისუფლება ფინანსებს არ ზოგავს და ის ვინც ებრალიძის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას ხარჯების სრულ - სამგზავრო და სანკტ-პეტერბურგში ცხოვრების ხარჯების ანაზღაურებას სთავაზობს.
"რუსეთს სურს წარმოაჩინოს, რომ ქართველი ხალხის შეკრება და კონსოლიდირება სწორედ რუსეთში ხდება, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. ქართველი ხალხის კონსოლიდირება და შეკრების ადგილი საქართველოა და 26-27 მაისს ქართველი დიასპორის წარმომადგენლების ნამდვილი შეკრება თბილისში ტრადიციულად გაიმართება, როდესაც ჩვენ დიასპორის დღეს ავღნიშნავთ", - განაცხადა დავითაიამ.
მისვე ინფორმაციით, "საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმზე" ქართული დიასპორის წარმომადგენლების 99% ჩასვლაზე უარი განაცხადა, თუმცა სახელმწიფო მინისტრი არ გამორიცხავს, რომ "მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ებრალიძე-პუტინის ე.წ. მსოფლიო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას".