კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქარელის მუნიციპალიტეტში, ბერიკლდეების ნასახლარზე გადარჩენით არქეოლოგიურ სამუშაოებს ახორციელებს. არქეოლოგთა ჯგუფი იულონ გაგოშიძის ხელმძღვანელობით ბერიკლდეების ნამოსახლარზე უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, გზის სამუშაოების მწარმოებელი კომპნიის - ჩაინა ნუკლიარ ინდუსტრის (China Nuclar Indusrty 23 Constractionis) - წინააღმდეგ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის დროს ბერიკლდეების ნამოსახლარის დაზიანებისთვის სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
არქეოლოგიური ძეგლებისა და ობიექტების დაცვის მიზნით, მანამდე ვიდრე ბერიკლდეების ტერიტორია სრულად არ იქნება შესწავლილი, ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის სამუშაობის წარმოებისთვის აუციელებლი ნებართვა არ იქნება გაცემული.
უნებართვო სამუშაოების განსახორციელებლად ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ნებართვა არ იქნება გაცემული. ამას გარდა, თუკი სამუშაოები უნებართვოდ იქნება წარმოებული მწარმოებელი კომპანია მიწის სამუშაოების პროცესში არქეოლოგიური ობიექტების დაზიანება ან განადგურება ისჯება კანონით.
ბერიკლდეები არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და აღმოსავლეთის ფრონის შესართავის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. გათხრები ჩატარდა 1979 -1983 წლებში.ნასოფლარის პირზე გაჭრილ თხრილში 2 მეტრი სიმაღლის კულტურულ ფენაში გამოვლინდა 4 პერიოდის ნაშთები: გვიანდელი ბრინჯაოს ხანის დასახლების სუსტი ფენა - რიყის ქვის ნაგებობათა კვალი და ტიპური შავი კერამიკის ფრაგმენტები; შუა ბრინჯაოს ხანის ჩაშვებული სამარხების ნაშთები, შავი, რუხი და ბაცი ფერის (უზერლიქთეფეს ტიპის) კერამიკა; ალიზის ზღუდითგამაგრებული ბედენური კულტურის ნასოფლარის ორი სამშენებლო ჰორიზონტი - ალიზისა და სარ-ლასტიანი შენობების სუსტი კვალი, სწორკუთხა თიხალესილი სამსხვერპლო ბაქნები, შავპრიალა ბედენური მაღალხარისხოვანი კერამიკა, აგრეთვე რიგითი წაბლისფერი და ბაცი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ყუადაშვებული ცულის ნატეხი, ქვისა და ძვლის იარაღი; ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურის ნასოფლარის ნაშთები, მ. შ. დამწვარი წრიული შენობის ნანგრევები დისკოსებური თიხალესილი ცენტრალური კერით, სარუტუალო ცილინდრული ჭურჭლით, თიხალესილი ბაქნებითა და ტიპური კერამიკის ფრაგმენტებით.
ბერიკლდეების ბედენური ფენა C14-ის მეთოდით დათარიღებულია ძვ. წ. 2900 წლით. ნასოფლარზე მოპოვებული ნივთიერი მასალა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.