ოლიმპიური სოფელი, „ახალი თბილისი", ახალი სპორტის სასახლე - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, „თბილისი 2015"-ისთვის განკუთვნილი მშენებარე ობიექტები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ობიექტების დასრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო. პრემიერმა მიიღო პირობა, რომ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა მაისში დასრულდება.
„ჩვენ წელს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და მთელი მთავრობა მობილიზებულია იმისთვის, რომ ის ღირსეულად ჩავატაროთ. შენდება მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელსაც შემდეგ ჩვენი ახალგაზრდები გამოიყენებენ. დიღომში იქმნება პრაქტიკულად ახალი უბანი, რომელსაც პირობითად დავარქვით „ახალი თბილისი". სამუშაოები მარტიდან საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება, იმისთვის, რომ მაისის ბოლოს ყველა ობიექტი იყოს დასრულებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 26 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე უმასპინძლებს. საქართველოს 4000-მდე სპორტსმენი და 7000-ზე მეტი ოფიციალური სტუმარი ეწვევა.