მინსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლომ 28 იანვარს საქართველოს მოქალაქე გელა სახელაშვილს, რომელიც თვითმფრინავის გატაცებაში იყო ეჭვმიტანილი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ გელა სახელაშვილი 2014 წლის 10 ივნისს ავიაკომპანია ,,ბელავიას" თვითმფრინავით ქუთაისიდან მინსკში მიფრინავდა, მასთან ერთად იმყოფებოდა 31 მგზავრი.
სახელაშვილმა ეკიპაჟის წევრებს წერილი შეუგზავნა, სადაც თვითმფრინავის მიმართულების შეცვლას და მინსკის ნაცვლად რომში ჩაფრენას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა.
მასთან ერთად მყოფი მგზავრების ინფორმაციით, სახელაშვილი მთვრალი იყო და აგრეიულად იქცეოდა.
ეკიპაჟის მეთაურმა შეძლო გელა სახელაშვილის დარწმუნება, რომ ავიალაინერს, ევროკავშირის ტერიტორიაზე, ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დასვამდა, სინამდვილეში კი მინსკის აეროპორტში დაეშვა, სადაც უკვე მობილიზებული იყო ბელორუსიის კონტრტერორისტული სამმართველოს სპეცრაზმი „ალფა".
თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. სისხლის სამართლის საქმე თვითმფრინავის გატაცების მუხლით აღიძრა, რაც ბელორუსიის კანონმდებლობით, 7 წლამდე, დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში კი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, ბელარუსიის სასამართლომ მას 2015 წლის 28 იანვარს მინიმალური სასჯელი შეუფარდა.