ხვალ, 29 იანვარს, ყოფილი დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი და ადვოკატი გამომძიებლებს შეხვდებიან. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა შეხვედრა თბილისის პროკურატურაში 16:00 საათზეა ჩანიშნული.
,,მიდის გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით. ხვალ ვაპირებთ შეხვედრას დედაქალაქის პროკურატურაში გამომძიებლებთან.Aარის დასაზუსტებელი დეტალები და ამიტომ ველოდები როდის დასრულებენ მუშაობას, საგამოძიებო მოქმედებებს და გავლენ ბოლოში. როცა დავინახავთ, რომ გამოძიება ვეღარაფერ ახალს ვეღარ მოიპოვებს, მაშინ უნდა გასაჯაროვდეს ის დასკვნები რაც გამოძიებას აქვს. ალბათ, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ეს დასკვნები დაიდება და გასაჯაროვდება. ჩვენი შეხვდრებიც იმასთან დაკავშირებით ხდება, რომ ვაკვირდებით რამდენად ინტენსიურად ხდება საგამოძიებო მოქმედებები", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კიწმარიშვილმა.
კითხვაზე კმაყოფილია თუ არა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობით პასუხობს:
,,გამოძიება მიდის, მაგრამ საბოლოოდ საქმე მაინც ბოლომდე რა არის მიყვანილი", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზურაბ კიწმარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი მისსავე ავტოფარეხში, გარდაცვლილი იპოვნეს. კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებისგან განსხვავებული ვერსია აქვს კიწმარიშვილის ოჯახს.