დღეს, 28 ოქტომბერს, ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელობიდან 16 წელი შესრულდება.
ამ დღეთან დაკავშირებით, 12:00 საათზე, ბოლქვაძის ოჯახის წევრები საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე მივლენ.
15:00 საათზე კი ბოლქვაძის ოჯახის წევრები ჭავჭავაძის #17-ში მდებარე ჟურნალისტთა კავშირის ოფისში პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციის თემა ბოლქვაძის მკვლელობა იქნება.
დათო ბოლქვაძემ 1987 წლიდან მუშაობა დაიწყო სახელმწიფო ტელევიზიაში ჯერ ლიტერატურულ, შემდეგ კი - თეატრალურ რედაქციაში ასისტენტად.
90-იან წლებში, სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხის დაარსებისთანავე, დათო ამ არხზე ოპერატორად მიიწვიეს. 1993 წლიდან ის იყო საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა "ტაიმ-აუტის" უცვლელი რეჟისორი და ოპერატორი. დაღუპვამდე რამდენიმე ხნით ადრე დათო დაინიშნა მეორე არხის საინფორმაციო რედაქციის მთავარ რეჟისორად.
ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს ამერიკულმა სააგენტო WTN-მა დათო სააგენტოს კავკასიის ბიუროს ოპერატორად მიიწვია. ის მივლინებულ იქნა სამოქალაქო ომის გასაშუქებლად დასავლეთ საქართველოში, სადაც 1993 წლის 28 ოქტომბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დახვრიტეს.
დათო ბოლქვაძემ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (გარდაცვალების შემდგომ).