დღეს, 22 იანვარს,იუნესკოს გენერალური დირექტორი, ირინა ბოკოვა « იუნესკოს მშვიდობის არტისტის » წოდებას მიანიჭებს, გამოჩენილ ქართველ პიანისტს და საზოგადო მოღვაწეს - ელისო ბოლქვაძეს.
ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და მისი საქველმოქმედო ღონისძიებები აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით და აღნიშნული წოდება პირველად მიენიჭება ქართველ არტისტს.
ელისო ბოლქვაძის საქველმოქედო ფონდი « ლირა », რომლის მთავარი მიზანიც არის ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების ხელშეწყობა, ასევე ახორციელებს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს. ფესტივალი ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიაზაციას და ნიჭიერი ახალი სახელების აღმოჩენას.
ელისო ბოლქვაძის, « იუნესკოს მშვიდობის არტისტის » ტიტულით სამომავლო გეგმები, უკავშირდება მსოფლიოში არსებულ კონფლიქტურ ზონებში დაზარალებულ ბავშვთა განათლების ხელშეწყობას - საქველმოქმედო მასშტაბური ღონისძიებების საშუალებით.
ცერემონიას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საფრანგეთში და მოწვეული სტუმრები. დაჯილდოებას გახსნის ირინა ბოკოვა, ხოლო სიტყვით გამოვა საქართველოს ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში, ეკა სირაძე-დელონე და ელისო ბოლქვაძე.
ამ საპატიო წოდებას ფლობენ მსოფლიოში გამოჩენილი არტისტები: სელინ დიონი, ანჟელინა ჟოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, ვალერი გერგიევი, პლასიდო დომინგო.