დღეს, 20 იანვარს, რეჟისორ ფედერიკო ფელინის დაბადებიდან 95 წელი შესრულდა. ფელინი იტალიის ქალაქ რიმინიში დაიბადა.
რობერტო როსელინი ფელინიზე ამბობს: "პატარა ბიჭი სოფლიდან, რომელიც მუდმივად ოცნებობდა დიდ ქალაქზე".
ბავშვობაში მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა. რამდენიმე დღეს შინ არ ყოფილა და პატარა ფედერიკო ისე მოხიბლა ცირკმა, რომ მასთან მომავლის დაკავშირებაც კი სურდა. მაგრამ მაინც რეჟისორი გახდა, თუმცა მის ფილმებში ბავშვობის დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა ნოსტალგიური ნოტა გააჟღერა.
ფედერიკო ფელინი 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში ჟურნალისტად. ფელინი კინოში რობერტო როსელინიმ მოიყვანა. თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა ფელინიმ დაიწყო, როგორც კარიკატურისტმა. ერთ-ერთი მორიგი შარჟის ხატვისას ის როსელინიმ შეამჩნია. კარიკატურა შეუქო და ახალგაზრდა მხატვარს სცენარისტობა შესთავაზა. ასე შედგა ფელინის დებიუტი ფილმში "რომი ღია ქალაქია" (1945 წ). დაახლოებით 20 წლის შემდეგ ფელინი გამოუტყდა ჟურნალისტებს, რომ რომ არა როსელინი, იგი, შესაძლოა, ცირკის დირექტორი გამხდარიყო და არა კინორეჟისორი.
1954 წ. გამოდის ნეორეალიზმის ერთ-ერთი შედევრი "გზა", ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის "ვერცხლის ლომის" მფლობელი.
ცნობილია, რომ ჯულიეტა მაზინას არ იწვევდნენ ფილმში სათამაშოდ სხვა რეჟისორები. ფილმ "გზაში" მისი კანდიდატურა ჯელსომინას როლზე დაიწუნა პროდუსერებმა, ფელინიმ კონტრაქტი დახია და ასე მიაღწია მეუღლის გადაღებას თავის ფილმში.
1957 წ. რეჟისორმა გადაიღო ფილმი "კაბირიას ღამეები", რომელიც აგრძელებდა "გზის" თემატიკას. არაჩვეულებრივად მძაფრია ფილმის სიუჟეტი, იდეა. ფილმში საზოგადოება განიხილება მეძავი ქალის თვალებით, რომელიც ოცნებობს დაიწყოს ახალი, ღირსეული ცხოვრება. დრამა დრამას ცვლის და აღწევს აპოგეას ფილმის ფინალში - ცნობილ გამოსამშვიდობებელ კაბირიას ღიმილში.
კინოტრილოგიის ("გზა", "თაღლითები" და "კაბირიას ღამეები") ბოლო ფილმის "კაბირიას ღამეების" გადაღების დაფინანსებაზე ერთბაშად 11 პროდიუსერმა თქვა უარი. მეგობრები აფრთხილებდნენ ფელინის, რომ ეს საკმაოდ სარისკო ნაბიჯია, რადგან მან ერთი ფილმი უსაქმურებზე, მეორე თაღლითებზე, ხოლო მესამეს მეძავეებზე იღებს. თუმცა კრიტიკის მძვინვარების მიუხედავად პროგნოზი არ გამართლდა - ამ ფილმმა მაზინას ჯერ კანის "პალმის ოქროს რტო", ხოლო შემდეგ "ოსკარი" მოუტანა.
1960 წ. რეჟისორმა გადაიღო შედევრი "ტკბილი ცხოვრება" მარჩელო მასტროიანის, ანიტა ეკბერგისა და ანუკ ემეს მონაწილეობით. 1960 წელს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო კინოგესტივალზე, ფელინის ფილმმა "ტკბილი ცხოვრება" უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.
"ოქროს პალმის ტოტის" მისაღებად სცენაზე გამოსულ რეჟისორს დარბაზში მყოფი მილიონერთა საზოგადოება ფეხის ბაკუნით, უშვერი სიტყვების ყვირილით, სტვენით შეხვდა. ფელინიმ ზურგი შეაქცია მათ, ჟიურის თავმჯდომარეს თავისთვის განკუთვნილი ჯილდო გამოართვა და სცენა აღრიალებული პარტერისგან კვლავ ზურგშექცევით გაიარა.
ფილმი 8½ (1963 წ.) ავტობიოგრაფიულია. ფილმის ცენტრში დგას რეჟისორი გვიდო ანსელმი (მარჩელო მასტროიანი). გმირის სამყარო, მისი სიზმრები, მოგონებები, ფანტაზიები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული რეალურ ამბებთან. ფელინიმ გვიჩვენა, თუ რა იმპულსები ამოძრავებს ხშირად ხელოვანს, თუ როგორი წინააღმდეგობაში იქმნება ხელოვნების ნიმუშები და რაოდენ უზომოა ხელოვანის, როგორც შემოქმედის პასუხისმგებლობა.
ფელინის პირველი ფერადი ფილმი "ჯულიეტა და სულები" 1965 წ. გამოვიდა ეკრანებზე. 1970 წ. შეიქმნა ტელეფილმი "ჯამბაზები". იგი არის ნოსტალგიური ნაწარმოები, სადაც ცირკის თემა აღქმულია, როგორც მეტაფორული გამოხატულება უფრო ფართო თემის ანუ სილამაზის, იმ ძალის გამოსახატავად, რომელიც ხელოვნებას აკეთილშობილებს.
1972 წ. გამოვიდა ფილმი "რომი", სადაც წარსულისა და დღევანდელობის სახეები ერთმანეთშია გადახლართული და თითქოს ორივე ერთად მომავლით არიან პრესის ქვეშ გატარებული და რომლის საგანგაშო ფინალიც თავად მაყურებელია ფილმის ბოლოში.
1974 წ. გადაღებული "ამარკორდი" გახდა ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის. ფელინის თავის ჩვეულ გროტესკულ, თითქმის ანეკდოტურ-სახალისო ფერებში აქვს ყველა სახე შექმნილი.
ფილმი "კაზანოვა", შეიძლება ითქვას, არაკინემატოგრაფიული გამოვიდა. თავად ფელინი ერთ-ერთ ინტერვიუში ასე წერდა: "ძალიან ვინანე, რომ ფილმის დადგმაზე ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი და მხოლოდ ამის შემდეგ წავიკითხე კაზანოვას მემუარები. გული ლამის ამერია. ყველაფერი გამოგონილია, არავითარი მე-18 საუკუნის რომანტიკული სულისკვეთება და სიყვარული.
1979 წ. გადაღებული ფილმი "ორკესტრის რეპეტიცია" მოგვითხრობს წმინდა ხელოვნებაზე, რომელსაც შეუძლია კაცობრიობა ერთ ძალად შეკრას ქაოსის წინააღმდეგ.
1983 წ. გამოდის ფილმი "და მიცურავს გემი". ტრაგიკული და კომედიური, რაციონალური და ირაციონალური ქმნის ფელინის შემოქმედებაში მდიდარი ფერებით შეკრულ ნაერთს, სადაც დომინირებს წარმოუდგენელი ძალის ემოცია.
ფელინი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორია. ცნობილია გამორჩეული სტილით, დამატყვევებელი ფანტაზიითა და უბადლო ზეგავლენის მოხდენის უნარით. ფედერიკო ფელინი გარდაიცვალა 1993 წელს, ინსულტით.