"ეროვნულმა ფორუმმა" პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ურშულა დოროშევსკას, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ სმოლენსკში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, ცნობილი პოლონელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეები დაიღუპნენ.
პირადად ჩვენი და ჩვენი ორგანიზაციის სახელით გისამძიმრებთ თქვენ და მთელ პოლონელ ხალხს, ვლოცულობთ გარდაცვლილთა სულებისათვის და ღმერთს შევთხოვთ, რომ ეს ტრაგედია უკანასკნელი აღმოჩნდეს პოლონელი ხალხის ისტორიაში", - ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელიც დღეს "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარის კახაბერ შარტავას სახელით გაიგზავნა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.
ქვეყნის პრეზიდენტის დაღუპვის გამო პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული, ასევე გლოვის დღეები გამოცხადა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.