შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებამ მოსკოვს უკრაინის მიმართ პოზიცია ჯერჯერობით ვერ შეაცვლევინა, თუმცა სანქციები რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯონ ქერიმ რუსეთი სეპარატისტთა მხარდაჭერასა და მინსკის ვალდებულებების შეუსრულებლობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და მოსკოვს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
„სანქციები რუსეთს დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად დააზარალებს. ამისათვის დროა საჭირო. მოსკოვმა პრაქტიკულად უკვე აღიარა, რომ მომავალ წელს შესაძლოა რეცესია დაიწყო, რუბლის კურსი კი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. სანქციები უკვე მუშაობს და რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს. ამიტომ, მოსკოვს აუცილებლად მოუწევს არჩევანის გაკეთება, რისი საშუალებაც დღეს უკვე აქვს. ჩვენ მზად ვართ მათთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთ და კონკრეტულ ნაბიჯებზე ვიმსჯელოთ, რომელიც კრიზისის დასარეგულირებლად უნდა გადავდგათ,"-განაცხადა ქერიმ.