სასტუმრო "თბილისი-მაროტში" ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ვანო მერაბიშვილის "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუზე ესაუბრება. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე ბევრი საკითხის განხილვა შეიძლებოდა, თუმცა მერაბიშვილის ინტერვიუმ სხვა დანარჩენი გადაფარა.
"ვფიქრობ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს დააინტერესებთ ის ფაქტები, რომელზედაც მერაბიშვილი თავის ინტერვიუში საუბრობს, განსაკუთრებით ის ეპიზოდები, სადაც ქვეყნის მაღალჩინოსნები, მერაბიშვილი და გივი თარგამაძე, რუს სამხედროებს უთანხმებენ, რომელი საქართველოს ქალაქები და ტერიტორიები უნდა დაბომბონ მათ და ამის შედეგად გორში რამდენიმე ადამიანი იღუპება, მათ შორის ერთი ჰოლანდიელი ტელეოპერატორი", - განაცხადა ბურჯანაძემ.