"დაიცავი საქართველოს" ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, კომენტარს არ აკეთებს "ალიანსი საქართველოს" გადაწყვეტილებაზე - დაასრულოს კონსულტაციები და წინასაარჩევნო კამპანია დამოუკიდებლად გააგრძელოს. მისი თქმით, მისთვის ამ მიმართულებით "ალიანსის" გადაწყვეტილება უცნობია და კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც "ალიანსის" ლიდერებს შეხვდება.
"ჩემთვის უცნობია, რა თქვა ალასანიამ დღევანდელ ბრიფინგზე, შევხვდები მათ, დაველაპარაკები და კომენტარს ამის შემდეგ გავაკეთებ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ სასტუმრო "თბილისი-მარიოტში", ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან შეხვედრის წინ.
"ალიანსის" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ოპოზიციასთან კონსულტაციებს ასრულებს. მისი თქმით, "ალიანსის" პოზიციები მხოლოდ "საქართველოს გზის" შეხედულებებს დაემთხვა, ამიტომ "ალიანსი საქართველოსთვის" წინასაარჩევნო კამპანიის დროს მხოლოდ ზურაბიშვილის პარტიასთან ითანამშრომლებს.
როგორც ცნობილია, ერთიანი კანდიდატების შერჩევის საკითხზე "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი კონსულტაციებს "დაიცავი საქართველოს" ლიდერ ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად მართავდა. ამასთან, კონსულტაციების პროცესში სუბარი და გაჩეჩილაძე შეხვდნენ "ეროვნულ საბჭოს", "ლეიბორისტებს", ნინო ბურჯანაძესა და "მრეწველებს".