საპარალმენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის მტკიცებით, გაზეთ "კომერსანტში" დაბეჭდილი, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ რუსმა ჟურნალისტმა "გამოიგონა".
შესაბამისი განცხადება ცისკარიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სესიაზე გააკეთა და აღნიშნულ კონტექსტში ოპოზიცია "ჟურნალისტის მიერ ინტერპრეტირებულ-გამოგონებული ამბის" პოლიტიზირებაში დაადანაშაულა.
"მიუღებელია ოპოზიციის მხრიდან ის აჟიოტაჟი, თითქოს მერაბიშვილი ეკლესიაზე რამეს ამბობს და მით უმეტეს, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დაჩაგვრის ფაქტი. ოპოზიცია უნდა ხვდებოდეს, რომ როცა ჟურნალისტი ცდილობს მინისტრს ეკლესიაზე რამე ათქმევინოს, მერაბიშვილი ამ მცდელობას თავს არიდებს სწორედ იმიტომ, რომ არ გახდეს ზედმეტი აჟიოტაჟის და პოლიტიზირების საგანი", - განმარტა ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება ინტერვიუს ბაგრატიონების ქორწინებასთან დაკავშირებულ ნაწილს, ცისკარიშვილის თქმით, მერაბიშვილს ამ განცხადებით იმის ჩვენება სურდა, რომ რუსეთის მხრიდან არცერთი პორი საქართველოსთვის კარგს არ გააკეთებს.
გარდა ამისა, დღევანდელ სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი თარგამაძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ვანო მერაბიშვილის მეორე - ამჯერად "კომერსანტ ვლასტისთვის" მიცემულ ინტერვიუს შეეხებოდა და განმარტა, რომ "დეპუტატი, რომელიც უკვე ორი წელია პარლამენტშია, შს მინისტრის მიერ კანონდარღვევებზე მხოლოდ საგაზეთო ინტერვიუებით არ უნდა ლაპარაკობდეს".
"არამედ, მას უნდა მოქონდეს კონკრეტული ფაქტები. მიგვითითეთ, რომელი კანონი დაარღვია შს მინისტრმა რეფორმების პროცესში და რა შეიცვალა კანონის უგულვებელყოფის გზით. სწორედ მაშინ იქნება კრიტიკა მისაღები და არა ასე - გაზეთში წაკითხული არგუმენტებით პოლიტიკური აჟიოტაჟის ასატეხად, - აცხადებს ცისკარიშვილი.