საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ლაშა თორდია ადასტურებს, რომ "პუტინის კულტის" აფეთქებასთან დაკავშირებით გივი თარგამაძე რუს გენერლებთან მოლაპარაკებებს ნამდვილად აწარმოებდა.
"დიახ, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სტალინის ძეგლის აფეთქებასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა თქვენ ჩირგვებში იმალებოდით. ამ დროს გივი თარგამაძე რუს გენერალთან ფრონტის წინა ხაზზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, რათა ეხსნა ჩვენი მოქალაქეების და ჯარისკაცების სიცოცხლე და მაშინ დაისვა სტალინის ძეგლის - "პუტინის კულტის" აფეთქების საკითხიც. ეს არის ისეთივე პატრიოტული საქციელი, როგორც დანარჩენი და არ მესმის, რა არის აქ აჟიოტაჟის ასატეხი", - ასე უპასუხა ლაშა თორდიამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც აღნიშნულთან დაკავშირებით აღშოფება გამოთქვეს.
გარდა ამისა, თორდია საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მიერ საპატრიარქოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და ოპოზიციონერი კოლეგები "საკითხის კონტექსტიდან ამოგლეჯაში" დაადანაშაულა.
"ვერავინ შეძლებს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის. ისიც ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი პირი რუსეთის ხელისუფლებიდან საქართველოსთვის კარგს არაფერს გააკეთებს და მის გვარს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - განმარტა თორდიამ.
აღნიშნულ კონტექსტში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება "ოპოზიციის მცდელობას, მოხდეს პოლიტიკური ქულების დაწერა სწორად შეაფასებს და უმცირესობა ამ საკითხების პოლიტიზირებას ვერ შეძლებს".