საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ გაზეთ "კომერსანტ ვლასტის" მისცა.
"საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინტერვიუ, რომელშიც შს მინისტრი მისი უწყების მიერ კანონის დარღვევებზე საუბრობს", - განაცხადა თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე და აქვე დეპუტატებს მერაბიშვილის განცხადება განუმარტა.
"კომერსანტ ვლასტიში" ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ რეფორმების გატარებისას, როდესაც კანონები არ ჭრის, მას მისი დარღვევა და ბრძანებების ისე გაცემა უწევს, რათა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. შს მინისტრისგან ასეთი განცხადების გაკეთება არის აღმაშფოთებელი, ვინაიდან ის კანონმდებლობისადმი ზოგადად ხელისუფლების დამოკიდებულებას მიანიშნებს", - განმარტა თარგამაძემ, რომელიც აღნიშნულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მერაბიშვილისგან განმარტების გაკეთებას ითხოვს.
"ველოდებით მერაბიშვილის განმარტებას - რას ნიშანვს, როცა თანამდებობის პირი აცხადებს, რომ იგი და მისი თანამოსამსახურეები კანონს არღვევენ? გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მერაბიშვილი ხელისუფლებაში გავლენიან პირად ითვლება და ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადადა ასეთია ხელისუფლების დამოკიდებულება" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
რაც შეეხება მერაბიშვილის მიერ გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუს, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი აღშფოთებას მასთან დაკავშირებითაც გამოთქვამს და აცხადებს, რომ "საზოგადოებასაც და პარლამენტსაც სრული უფლება აქვს ამ ინტერვიუს მიმართ აღშფოთება გამოხატოს".