„საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე, რომლითაც ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზის ზრდა ხდება, საკუთარი შეფასებები და შენიშვნები აქვს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატს. ბიზნეს ომბუდსმენის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი აცხადებს, რომ უწყებამ საკუთარი შენიშვნები შესაბამის სტუქტურებში უკვე გადაგზავნა და რამდენიმე დღეში დაგეგმილია კონსულტაციების გამართვა ფინანსთა მინისტრთან, ბიზნეს ომბუდსმენის და დარგში მოქმედი კომპანიების მონაწილეობით.
- ბატონო ზურაბ როგორი შეფასება აქვს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზი იზრდება?
- ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი გაეცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონის პროექტს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზით დაბეგვრის თაობაზე და კანონპროექტთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული შენიშვნები და შეკითხვები.
კერძოდ, ჩვენი შენიშვნები ეხება აქციზის გადახდის წესის შეცვლას და აქციზის განაკვეთების გაზრდას, განსაკუთრებით ლუდზე. აგრეთვე გვაინტერესებს უზრუნველყოფილია თუ არა აქციზის გადახდის ახალი წესის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხები.
- ეს შენიშვნები თუ გააცანით სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს და რა პასუხი მიიღეთ მათგან?
- ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის წერილობით დასკვნა (შენიშვნები) მ/წ 17 ნოემბერს ოფიციალურად გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
უახლოეს მომავალში (სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას) დაგეგმილია გაიმართოს კონსულტაციები საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ბიზნეს ომბუდსმენის და დარგში მოქმედი კომპანიების მონაწილეობით.
- როგორ ფიქრობთ, რითაა განპირობებული ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზის გადახდის წესის ცვლილება?
- კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აქციზის გადახდის არსებული წესის შესაბამისად, აქციზის ბიუჯეტში შეტანა დამოკიდებულია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებაზე, მას აქვს შესაძლებლობა დაადეკლარიროს და არ გადაიხადოს გადასახადი და თუ მას არ გააჩნია აქტივები, საგადასახადო ორგანო ვერ უზრუნველყოფს დავალიანების გადახდევინებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აქციზის არსებული წესი უნდა შეიცვალოს.
მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული დასაბუთება არ შეესაბამება რეალურ ტენდენციებს, დაფუძნებულია უნდობლობაზე და ეჭვქვეშ აყენებს გადამხდელთა კეთილსინდისიერებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ყველა გადასახადის შემთხვევაში პირი თავად ადეკლარირებს კუთვნილი გადასახადის ოდენობას და შემდგომ იხდის შესაბამის ბიუჯეტში. მაშასადამე, საქართველოში მოქმედი ნებისმიერი გადასახადის გადახდა დამოკიდებულია სწორედ გადასახადის გადამხდელის ნებაზე და აქციზთან მიმართებაში მაღალ რისკებზე მითითება და განსაკუთრებული წინდახედულობის გამოჩენა გაურკვეველია რას ემყარება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემებით, აქციზის წინასწარი გადახდიდან საერთო წესზე გადასვლით (2011 წელს), ბიუჯეტში აქციზის თანხის მობილიზება არ შემცირებულა და მას ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტენდენცია აქვს: 2010 წელს ბიუჯეტში შემოსული აქციზი - 560.8 მლნ. ლარი, 2011 წელს - 615.2 მლნ. ლარი, 2012 წელს - 659,6 მლნ. ლარი და 2013 წელს - 722.1 მლნ. ლარი.
"საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ბოლო პერიოდში განხორციელებული თუ დაგეგმილი ზოგიერთი ცვლილებით (მაგ.: იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესის გაუქმება, აქციზით დაბეგვრის ძველი წესის აღდგენა) ხდება მეწარმეთათვის დადგენილი გადასახადების გადახდის ლიბერალური წესების გაუქმება და ადმინისტრირების ტვირთის დამძიმება, ასეთი ცვლილების აუცილებლობისა და საჭიროების დასაბუთების გარეშე, რაც ცალსახად უარყოფითად აისახება მეწარმეთა ფინანსურ მდგომარეობაზე.
- ზოგადად რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ეს ცვლილებები და როგორ ფიქრობთ, რით არის განპირობებული აქციზის განაკვეთების გაზრდა?
- კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება (ხოლო მიზეზია, დაახლოების აუცილებლობა), თუმცა, სწორედ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს შესაბამისი კანონმდებლობის და პროცედურების გამჭვირვალობა და საჯაროობა და იქონიოს მათი მიღების შესახებ დასაბუთება. შეთანხმების მიხედვით, უნდა გაიმართოს რეგულარული კონსულტაციები და განისაზღვროს გონივრული დროის მონაკვეთი ახალი ან შეცვლილი დებულებების გამოქვეყნებიდან მათ ძალაში შესვლამდე.
- რა პოზიცია გაქვს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატს ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით?
- ქვეყანაში ბიზნესგარემოს პროგნოზირებადობისა და საინვესტიციო სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, არსებითი მნიშვნელობა აქვს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების სიხშირისა და მათი ამოქმედების ვადების კონტროლს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, კანონმდებლობაში ცვლილებების ამოქმედებამდე ხდებოდეს იმ პირთა წინასწარი ინფორმირება ახალი წესებისა თუ პირობების თაობაზე, ვისზეც გავლენას ახდენს ეს ცვლილებები. ასევე, აუცილებელია ბიზნეს სუბიექტებისათვის წესდებოდეს გარკვეული გონივრული ვადა, რათა მათ მოახერხონ შეცვლილ კანონმდებლობასთან თავისი გეგმებისა და შესაძლებლობების მისადაგება.
კანონპროექტის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან იზრდება აქციზის განაკვეთი ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ინიციატივა 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ საგადასახადო კოდექსში უკვე მე-8 ცვლილებაა, რომელიც აქციზის განაკვეთებს ეხება. იმის გათვალისწინებით, რომ აქციზი არაპირდაპირი გადასახადია და დგინდება საქონლის ფასზე დანამატის სახით, აღნიშნული ცვლილება პირდაპირ გამოიწვევს აქციზური საქონლის სარეალიზაციო ფასის გაზრდას. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ცვლილების ამოქმედებისათვის გაცხადებული ვადა (საზოგადოების ინფორმირებიდან 2 თვე) არასაკმარისია შეცვლილ გარემოებებთან ადგილობრივი მწარმოებლებისა თუ იმპორტიორების ადაპტაციისათვის.
აქციზის განაკვეთი ორჯერ იზრდება ლუდზეც და ხდება 1 ლიტრზე 0.8 ლარი, რაც განსაკუთრებით გვაღელვებს. აღნიშნული ცვლილება მტკივნეული იქნება ლუდის ადგილობრივი მწარმოებლებისათვის, ვინაიდან საქართველოს ლუდის ბაზრის 97% ადგილობრივად იწარმოება. ამდენად, აღნიშნულ პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის ერთდროულად გაორმაგება დროის იმ მცირე მონაკვეთში, რაც გათვალისწინებულია ცვლილების ამოქმედებისათვის, ბაზარზე ადგილობრივი ხარისხიანი ლუდის მოხმარების შემცირებით გამოწვეული მთელი რიგი პრობლემების (რეალიზაციის შემცირება, წარმოების შემცირება, დასაქმებულთა სიჭარბე, მოგების შემცირება და ა.შ.) წინაშე დააყენებს დარგს.