ბიშკეკში მიმდინარე არეულობის გამო შეშფოთება ქართველმა დეპუტატემა დღეს გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქვეს.
როგორც უმცირესობის წარმომადგენელმა პაატა დავითაიამ განაცხადა, სამოქალაქო დაპირისპირება მძიმედ აისახება სახელმწიფოზე, რის კონტექსტშიც იმედი გამოთქვა, რომ "ყირგიზეთში სისხლისღვრა მოლაპარაკებების ნიადაგზე მალე შეწყდება".
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია კი, აზიას "რთულ რეგიონს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება მთელი მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი.
"აქ არის განთავსებული, როგორც რუსეთის, ასევე ამერიკის სამხედრო ბაზები, რომელთაც რეგიონისათვის ძალიან სერიოზული დატვირთვა აქვთ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ სტაბილურობას ამ რეგიონისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა მოვიდეს ყირგიზეთის ხელისუფლებაში, სტაბილურობა და გარანტიები შენარჩუნებული იქნება", - განმარტა მალაშხიამ.