საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში მოსწავლეთა რეგისტრაციის დასრულებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მოსწავლეთა რეგისტრაცია უფასოდ ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეგისტრაციის გავლას საჭიროებდნენ მხოლოდ ის მოზარდები, რომელთაც არ გააჩნდათ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადი ნომრის მინიჭების შესახებ შესაბამისი ცნობა ან ისეთი დაბადების მოწმობა, რომელზეც მითითებულია პირადი ნომერი.
დღევანდელი მონაცემებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში 581 177 ბავშვი დარეგისტრირდა. აქედან პირველკლასელი მოსწავლე 31 979. პირადობის მოწმობა 231 214-მა მოსწავლემ აიღო.
გიორგი ვაშაძის განცხადებით: `სასკოლო ასაკის ბავშვების რეგისტრაციით შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებას სოციალური პროგრამების უფრო ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება~.
როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა: `თუ ვინმე დარჩა რეგისტრაციის გარეშე, ან 14 წლის ასაკს მიაღწია და არ აქვს პირადობის მოწმობა, ვთხოვთ რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს ჩვენთან, რათა უკვე არსებულ მონაცემთა ბაზაში შევიტანოთ დამატება~.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1996-2002 წლებში გაიცემოდა დროებითი
დაბადების მოწმობები, ამგვარი დაბადების მოწმობების გამოცვლა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მეხუთე სამუშაო დღეს უფასოა.
ცნობისთვის: 14 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, აიღოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მოწმობის მიღება მეათე სამუშაო დღეს უფასოა; პირადობის მოწმობის აღება, სურვილისამებრ, შეუძლია 14 წლამდე ასაკის მოქალაქესაც.