24 ნოემბერს 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენის ,,პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში" გახსნას დაესწრება.
გამოფენის მიზანია 50-იანი წლების თაობის წარმომადგენელთა შემოქმედებისა და მათ მიერ ქართულ მხატვრობაში მოხდენილი რეფორმის შესაბამის კონტექსტში ჩვენება. ქართველი მხატვრების ამ თაობის შემოქმედება, ცნობილი „პოსტსტალინური ლიბერალიზაციის" სახელით, წარმოადგენს ახალ ეტაპს ქართული მხატვრობის ისტორიაში. კერძოდ, 30-40-იან წლებში სოცრეალისტური მხატვრული მეთოდის პროპაგანდისტული ხასიათის ნამუშევრების ფონზე, 50-იანელები იწყებენ განსხვავებულ აზროვნებას, დამყარებულს გამოკვეთილად ფერწერულ, სპეციფიკურად მხატვრულ ამოცანებზე, არა კოლექტიურ, არამედ ინდივიდუალურ ძიებებსა და მიგნებებზე, რაც უმნიშვნელოვანესი იმპულსი აღმოჩნდა ქართული მხატვრობის შემდგომი განვითარებისთვის.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული 50-იანელთა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე ავტორთა მიერ სხვადასხვა წლებში ილუსტრირებული წიგნები. დამთვალიერებელი აგრეთვე გაეცნობა საინფორმაციო მასალას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული არქივებიდან.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება გამოფენაზე იხილოს ისეთი ცნობილი ავტორების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ზურაბ ნიჟარაძე, ალექსანდრე ბანძელაძე, დიმიტრი ერისთავი, თენგიზ მირზაშვილი, გურამ ქუთათელაძე, ლეოპოლდ ძაძამიძე, რევაზ თარხან-მოურავი, ლევან ცუცქირიძე, ჟანგო მეძმარიაშვილი, მიხეილ ხვიტია, ალბერტ დილბარიანი, ლევ ბაიახჩევი, დიმიტრი ხახუტაშვილი, გოგი ოჩიაური, ავთო ვარაზი, ვალენტინ შერპილოვი, ზურაბ ლეჟავა, უჩა ჯაფარიძე, თამარ აბაკელია, კორნელი სანაძე, რობერტ სტურუა, დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება სალექციო კურსი შემდეგ თემებზე: 50-იანელთა მხატვრული რეფორმა, ტოტალიტარიზმი და სახვითი ხელოვნება, საბჭოთა მხატვრული კრიტიკის თავისებურებები. ასევე, მოეწყობა შეხვედრები მხატვრებთან - ლევან ცუცქირიძე, ზურაბ ნიჟარაძე, დიმიტრი ერისთავი, ჯიბსონ ხუნდაძე.
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.
მასალის გამოყენების პირობები