ჩეხეთის რესპუბლიკის სენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გმობს რუსეთის ფედერაციის მცდელობას ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ „შეთანხმება" გააფორმოს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან.
ჩეხეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეს მცდელობა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას.
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატი საქართველოს თაობაზე მიღებულ რეზოლუციაში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული რატიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასოცირების შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით სეპარატისტულ რეგიონებში იზოლაციაში მცხოვრებ მოსახლეობას რეალურ პერსპექტივას სთავაზობს და საქართველოს შემადგენლობაში ამ ტერიტორიების განვითარების ძლიერ საფუძველს წარმოადგენს.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ასევე გამოეხმაურა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზაორალეკი. ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტისას ბატონმა ზაორალეკმა დაგმო რუსეთის ქმედება, „ჩეხეთის რესპუბლიკა გმობს რუსეთის ქმედებებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩეხეთი, როგორც ახლა, ასევე მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას"-განაცხადა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.