საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა "თბილისი-მარიოტში" დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეობს და მას "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელი, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, "საქართველოს გზის" თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი და მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" დამფუძვნებელი ლევან გაჩეჩილაძე ესწრებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ლიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, საუბრის ძირითადი თემები მოახლოებული არჩევნები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება და დემოკრატიის ხარისხი იქნება.
ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ტეროტორიული მთლიანობის აღდგენაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის საქართველოს გაერთიანება, ამისთვის აფხაზები და ოსები უნდა დავუბრუნოთ, თუმცა იქამდე, აუცილებელია, რომ ევროკავშირმა ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა გააგრძელოს, თუმცა დეოკუპაციის პროცესში აქტიურად ჩაერთოს", - განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრამდე ევროკომისარი სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს შეხვდა. პოლიტიკური უმცირესობის ლიდერებთან აუდიენციის შემდეგ ის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.