პატრიარქის მდივანმა მამა მიქაილ ბოტკოველმა პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა. პატრიარქის მდივანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს საპატრიარქოს განცხადება გააცნო.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში ეკლესიის შეურაცხმყოფელმა კამპანიამ საზოგადოებაში მწვავე საპროტესტო განწყობა გამოიწვია და გამოითქვა მოსაზრებები ახლო მომავალში ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობის შესახებ, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძართანაც. საპატრიარქოს განცხადებით, რეაქცია ხალხის, რომლის რელიგიური გრძნობები და ღირსებები შელახეს, საპატრიარქოსთვის გასაგებია, მაგრამ ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, ეკლესია საზოგადოებას თავშეკავებისაკენ მოუწოდებს.
საპატრიარქოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა წარიმართოს.
"ჩვენთვის გაუგებარია საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საპატრიარქოს ინიციატივის იგნორირება, პირდაპირი ეთერით გამოყოფის შესახებ, რაც ბადებს ეჭვს, რომ საქმე არ გვაქვს მხოლოდ ცალკეული პირების მიერ გაჟღერებულ ცილისწამებებთან, არამედ გარკვეული ძალების ქმედებებთან. საპატრიარქო გულისტკივილს გამოთქვამს, რომ უწმინდესის წინააღმდეგ კამპანია გრძელდება. აღნიშნული მოვლენები ქვეყნისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება და არსებულ სიტუაციას სერიოზულად დაძაბავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპატრიარქო კვლავ მიმართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში დებატები გაიმართოს~, - აღნიშნულია განცხადებაში.