დღეს "დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კობახიძემ პარტიის მთავარ ოფისში ბრიფინგი გამართა. კობახიძე ვანო მერაბიშვილის გაზეთ კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მერაბიშვილის ინტერვიუ საკუთარი ხალხის დაშინებისა და მისი დატერორების კიდევ ერთ გამოვლინება და საქართველოს მოქალაქეთა უმაგალითო შეურაცხყოფაა.
"ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ავტორიტარიზმი მძვინვარებს და ქვეყანა დიქტატურისკენ მიექანება; ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანაში ტოტალიტარიზმის ხანაა; ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიციური რეჟიმი უმოწყალოდ ლახავს ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს. ხელისუფლება გადამწყვეტ იერიშზე გადავიდა, სააკაშვილის ავადმყოფური ფანტაზიით ნასაზრდოებ "მოდელირებულ ქრონიკას" კვალად მოჰყვა "ყოვლისშემძლე ვანოს" უპრეცედენტო აღიარება - გაზეთ "კომერსანტისათვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს თავი მოაქვს იმით, რომ საჭიროების შემთხვევაში კანონზე გადაბიჯება მისთვის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. აღნიშნულ აღიარებას ვაფასებთ, როგორც საკუთარი ხალხის დაშინებისა და მისი დატერორების კიდევ ერთ გამოვლინებას; როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმაგალითო შეურაცხყოფას. ზემოხსენებული ცინიკური განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ "ყველაფრის უფლებით" აღჭურვილი მინისტრი მერაბიშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი - საჭირო არ არის, რომ კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დღეს საქართველოში ვანო მერაბიშვილია კანონი და მისი თქმით, დღეს ღიად და აშკარად ცხადდება, რომ საქართველოში ხელისუფლებაა სახელმწიფო.
კობახიძის თქმით, გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მერაბიშვილი ახალი, სრულიად გამაოგნებელი აღირებებით "აცვიფრებს" საზოგადოებას, როდესაც მერაბიშვილი საუბრობს "პირველ კავკასიურ არხზე", ჩეჩნეთის პრობლემებზე და ქართულ-ჩეჩნური ერთიან წინააღმდეგობის ფრონტზე. კობახიძის განცხადებით, მერაბიშვილი ამით ჩვენს ქვეყანას უმზადებს ახალ საფრთხეებს.
"რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ომი რუსეთთან ჯერაც არ დამთავრებულა, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით", უნდა შეფასდეს როგორც პროვოკაცია წინასწარ განსაზღვრული შედეგით - განადგურებული, დაქუცმაცებული და თავისუფლებადაკარგული საქართველო. საგანგაშოა რუს სამხედროებთან თანამშრომლობა სტალინის ძეგლის აფეთქებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება ღიად აღიარებს, თუ ვინ და როგორ აწარმოებდა მოლაპარაკებებს, დიდი ფულის შეთავაზებით, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, საკუთარ ქალაქში, საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის რისკის ფასად აფეთქებების ორგანიზების თაობაზე", - აღნიშნა კობახიძემ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბურჯანაძის თანაპარტიელმა, ვანო მერაბიშვილს მისამართით კითხვაც დასვა:
"როდის და ვის მიერ მოხდა დასავლეთის გამიჯვნა გონიერ და არაგონიერ ნაწილად და ვინ მიაჩნია შინაგან საქმეთა მინისტრს გონიერი და უგუნური ნაწილის წარმომადგენლად?" - კითხულობს კობახიძე.
"იმას, რისი მხილებაც ჩვენ არაერთხელ მოგვიხდენია, უკვე ხელისუფლებაც აღარ მალავს. ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებით, მას უნდა ქვეყანა მოაქციოს თვითიზოლაციაში და ამ გზით შეიქმნას პირობები "მუდმივი" მმართველობისთვის, ან მოაწყოს ახალი პროვოკაცია, რაც საშუალებას მისცემს გადაიხვეწოს და თავი გადაირჩინოს დევნილი ხელისუფლების სტატუსით. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაძლევს საფუძველს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ სააკაშვილი-მერაბიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოსთვის ყოველი დღე საფრთხის შემცველია", - აღნიშნავს "დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
კობახიძის აზრით, საქართველოში შექმნილი ვითარების გამოსწორება, მხოლოდ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებით არის შესაძლებელი.
"ამ განუკითხაობისა და გაუგონარი ცინიზმისთვის წერტილის დასმა მხოლოდ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებით არის შესაძლებელი", - განაცხადა კობახიძემ.
ბურჯანაძის პარტია მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობასა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტებს. კობახიძის თქმით, საქართველოში ვითარება დღითიდღე მძიმდება და ხელისუფლება უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში დემოკრატიული იმიჯის შესაქმნელადაც აღარ იწუხებს თავს.