საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ნორვეგიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის პირველ დღეს - 6 აპრილს საქართველოსა და ნორვეგიიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამუშაო სადილი გაიმართა, სადაც გრიგოლ ვაშაძემ და იონას გარ სტორემ ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუდასტურა ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, აგრეთვე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
დღეს, 7 აპრილს კი, გრიგოლ ვაშაძე ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ინე ერიქსენ სორეიდეს, აგრეთვე ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს გენერალურ მდივან ელიზაბეტ რასმუსენსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "CARE"-ის გენერალურ მდივან მარტე გერჰარდსენს შეხვდა.
პარლამენტში შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, რუსეთთან ურთიერთობები, რეგიონული თანამშრომლობის დინამიკა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
ამასთან, დღესვე, ნორვეგიის სამეფოს საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში გაიმართა დისკუსია მრგვალი მაგიდის ირგვლივ, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წაიკითხა მოხსენება თემაზე - საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებები.
გარდა ამისა, გრიგოლ ვაშაძემ ნორვეგიის კოლეგა მინისტრი, პრემიერ მინისტრი და პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია.