ევროკავშირის გაფართოებასა და სამეზობლო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი კომისარი შტეფან ფულე მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
"მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. ერთ-ერთი ასეთი პირობაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეშვება. ამ საკითხს რუსეთის ოფიციალურ პირებთან აუცილებლად დავაყენებთ", - განუცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა ფულემ ქართველ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ევროკავშირი აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ევროკომსრის საქართველოში ვიზიტი დღეს დაიწყო. შტეფან ფულე უკვე იმყოფებოდა წეროვანში, სადაც დევნილთა საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა.
ევროკომისარი დღესვე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და თბილისში ევროპული სახლის გახსნას დაესწრება.