მიმდინარე წელს ციმბირის წყლულის გავრცელებისთვის ჯერ კიდევ არასარისკო პერიოდში საქართველოში ჯილეხის (ციმბირის წყლული) სამი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა.
"გაზაფხულზე მოსახლეობამ ყურადღება ბრუცელიოზის, ჯილეხის, ცოფის და სხვა უამარავი დაავადებაზე უნდა გამახვილოს და მის თავიდან აცილების მთავარი პრევენციული ზომა კი იმ პირუტყვების და ცხოველების აცრაა, რომელთანაც ხშირი კონტაქტი აქვთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" შოთა ცანავამ.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით, ჯილეხის დაავადების სტატისტიკას, ცანავას განცხადებით, საფრთხე ყველა რაიონში თანაბრად არსებობს.
"ჯილეხის დავადებით პირუტყვი ძირითადად გაზაფხულზე და ზაფხულში ავადდება, როდესაც ბალახი ამოდის ან ხმება. ანუ მწვანე მასა ჯერ არ არის და საქონელი დრუნჩს იზიანებს, საიდანაც შესაძლოა დაავადების გამომწვევი ჩხირი შეიჭრას", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცანავამ და დასძინა, რომ მთავრია ყველა პირუტყვი ჯილეხზე აიცრას, რის შედეგადაც ცხოველიდან ადამიანზე დაავადების გადაცემა გამოირიცხება და ერთადერთი დაავადების პირდაპირი გადაცემის გზა ნიადაგი რჩება.
მისი თქმით, ჯილეხს ძალიან სპეციფიური წყლულები ახასიათებს კანზე და კიდურებზე. კერძოდ კი, დაავადების პირველ ეტაპზე წყლულებს წითელი ფერი აქვს, ხოლო ცოტა ხანში შავდება.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, 2009 წელში საქართველოში ჯილეხის - 38, 2008 წელს - 62, 2007 წელს - 42 შემთხვევა დაფიქსირდა. საშუალოდ კი საქართველოში ყოველ წლიურად ჯილეხის 20-დან 80-მდე კანის ფორმა რეგისტრირდება.
"ჯილეხი განსაკუთრებით საშიშ დაავადებებს მიეკუთვნება და მისი გენერალიზებული ფორმა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. რამდენიმე წლის წინ ორი შემთხვევა გვქონდა, როდესაც გენერალიზებული ფორმით ორი ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ჯილეხი დროულად გამოვლენის და მკურნალობის დროს ადვილად განკურნებადია. დაავადების კანის ფორმის დროს ანტიბიოტიკური თერაპია ძალზე ეფექტურია", - განაცხადა ცანავამ.
მისი თქმით, ე. წ. ციმბირის წყლული ადამიანზე დაავადებულ პირუტყვთან კონტაქტის შედეგად გადადის, კერძოდ კი დაკვლის, გატყავების და ხორცის დამუშავების დროს. ასევე, ადამიანს ჯილეხი პირდაპირი გზით ნიადაგიდანაც გადაეცემა, თუ ის ნიადაგს დაზიანებული ხელით შეეხო, სადაც ჯილეხის სპორებია.
შეგახსენებთ, რომ ჯილეხი ანუ ციმბირის წყლულის ჯილეხის ბაცილა იწვევს (Bაცჯლლუს ანტრაცის). ამ ტიპის ინფექციის გადატანა შესაძლებელია ტრანსმისიული, ალიმენტური და ასპირაციული გზებით. ადამიანის დაზიანება ხდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლსმწოველ მწერებს.
ჯილეხით უფრო ხშირად მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვრები, თხები, ცხენები, აქლემები და ღორები ავადდებიან. მთავარი ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა მსხვილ რქოსან საქონელს და ცხვრებს ენიჭებათ. ავადმყოფობა სწრაფად პროგრესირებას და 2-3 დღეში ან რამდენიმე საათშიც კი იწვევს ცხოველის სიკვდილს.
ჯილეხით უმეტესად ავადდებიან სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, სასაკლაოების მუშები და სხვ. ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი ჩვეულებრივ ხანმოკლეა, 2-3 დღე. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ანთრაქსის ფილტვის ფორმა, რომელიც გულსისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაზიანების გამო, ხშირად სიკვდილით მთავრდება. რაც შეეხება ანთრაქსის კანის ფორმას ის ნაკლები ლეტალობით ხასიათდება ფილტვის ფორმისგან შედარებით.