"საქართველოს ბანკმა" საკრედიტო პორტფელი გაზარდა. 2010 წლის პირველ კვარტალში ბანკის მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 335 მილიონ ლარს გადააჭარბა.
როგორც საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთლიანი სასესხო პორტფელი 2010 წლის პირველ კვარტალში 5.7%-ით გაიზარდა და შედეგად 1.8 მილიარდი ლარი შეადგინა.
მისი განმარტებით, დეპოზიტების მოცულობამ 1.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა და 2010 წლის პირველ კვარტალში 9.2%-ით გაიზარდა.
"სასესხო პორტფელის ზრდა ბანკისთვის 2010 წლის მთავარი პრიორიტეტია. "საქართველოს ბანკმა" უკვე 2009 წლის მეორე ნახევარში გადადგა ქმედითი ნაბიჯები სესხების გაცემის გააქტიურების მიმართულებით და დაიწყო სხვადასხვა ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება. შედეგად, 2009 წლის მეოთხე კვარტალში მიკრო სესხების საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 16%, იპოთეკური სესხების- 14,5%, ავტო სესხების- 16% და სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთმა 18%. ასევე, გამარტივდა სესხის გაცემის პირობები და კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით ბევრად უფრო ხელსაყრელი გახდა. 2010 წლის თებერვალში, "საქართველოს ბანკმა" პირველმა შესთავაზა მომხმარებელს ლარში გაცემული იპოთეკური და ავტო სესხთ სარგებლობა, რაც მსესხებელს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილოს ვალუტის კურსთა სხვაობით გამოწვეული რისკი, რადგანაც შემოსავალი, ძირითად შემთხვევებში, ეროვნულ ვალუტაში ერიცხება. შეთავაზებას აქციის სახე ჰქონდა, რომელმაც მომხმარებლის მხრიდან დიდი მოთხოვნით ისარგებლა და, შედეგად, აქციის ფარგლებში გაცემული სესხების საერთო მოცულობამ 5,4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა", - განაცხადა გილაურმა.
მომხმარებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, "საქართველოს ბანკი" კვლავაც აძლევს მომხარებელს საშუალებას ისარგებლოს იპოთეკური სესხით ლარში. 2010 წლის 1-ლი აპრილიდან 1-ელ მაისამდე პერიოდში, მომხმარებელს შეუძლია აიღოს იპოთეკური სესხი ლარში, განაკვეთით 15% და ვადით 10 წლამდე. ამასთან, მსესხებელი ბანკისგან საჩუქრად მიიღებს: აქციის ფარგლებში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე მომხმარებელი არ გადაიხდის სესხის გაცემის საკომისიოს; სეხის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში სადაზღვევო პრემიას მომხმარებლის ნაცვლად ბანკი გადაიხდის; ბანკი ასევე აანაზღაურებს საჯარო რეესტრში საიპოთეკო უძრავი ქონების რეგისტრაციისა და ნოტარიალური ბაჯის ხარჯებს.