"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ვანო მერაბიშვილს თავშეუკავებლობასა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
"შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა იყოს ძალიან თავშეკავებული და მთავარი გარანტი საარჩევნო პროცესის მიუკერძოებლობის. სამწუხაროა, რომ ჩვენთან მინისტრი ხელისუფლების სახელით საუბრობს და საუბრობს ოპოზიციაზე, არა როგორც მიუკერძოებელი, არამედ როგორც მიკერძოებული მხარე, რომელსაც ძალიან ირონიული დამოუკიდებულება აქვს პოლიტიკური უმცირესობის მიმართ", - განუცხადა ვეფხვაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" მერაბიშვილის მიერ გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუზე კომენტირებისას.
მისივე შეფასებით, "ის, რაზეც შს უწყების ხელმძღვანელი ინტერვიუში საუბრობს, შემაშფოთებელია, რადგან ამ შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილი გამოდის პოლიტიკური პროცესის სუბიექტი და არა მეთვალყურე".
"ცხადია, მერაბიშვილი მიკერძოებული მხარეა, მაგრამ ასე ღიად და გულწრფელად თუ ისაუბრებდა ჟურნალისტებთან, არ მოველოდი", - განმარტავს ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსული გამოცემა "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქართველოს შს მინისტრი ბევრ სხვა საკითხთან ერთად ქვეყანაში მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ ოპოზიციას გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს.