დღეს, 7 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პარიზში ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტსა და დეპუტატებს შეხვდება.
ბაქრაძე უკვე ესაუბრა სენატის პრეზიდენტსა და ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს.
შეხვედრაზე მხარეებმა სარკოზი-მედვედევის შეთანხმებასა და რუსეთის მიერ ამ დოკუმენტის პუნქტების შეუსრულებლობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე, სავაჭრო ხელშეკრულებაზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე.
"საუბრის ძირითადი თემა იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ფრანგული მხარის პოზიცია, რომ ისინი აგრძელებენ მუშაობას რუსეთთან, რათა მოსკოვმა შეასრულოს ეს შეთანხმება და უპირველესად, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.
გარდა ამისა, საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენდა. წინასწარი ინფორმაციით, ამ პროცესს ეროვნული ასამბლეის დეპუტატებიც დააკვირდებიან.
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრანგული მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდა.