არსებული სტატისტიკით, საქართველოში 200 ათასი ადამიანი C ჰეპატიტითაა დაავადებული, რაც მთელი მოსახლეობის 7%-ს შეადგენს. ამ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს. მათი თქმით, დაავადების გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. პაციენტთა უმრავლესობას კი მკურნალობის ხარჯების დაფარვა არ შეუძლია, რადგან C ჰეპატიტის გამოკვლევა საშუალოდ 1600 ლარი, მკურნალობის კურსი კი 9 ათასი ევრო ჯდება. მაღალი ფასის გამო კი სადაზღვევო კომპანიები C ჰეპატიტის გამოკვლევისა და მკურნალობის ხარჯებს არ ანაზღაურებენ. ამასთან, ამ დაავადებასთან დაკავშირებით არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები.
ამ საკითხთან დაკავშირებით „ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი" (UGPN) და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" სასტუმრო „ბეტსიში" აწყობენ მრგვალ მაგიდას, სადაც განიხილება C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები.
რატომ არ ფინანსდება C ჰეპატიტის მკურნალობა სახელმწიფო პროგრამებით და რას აკეთებს მთავრობა ამ დაავადების პრევენციისთვის? ამ კითხვაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე აცხადებს, რომ C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი 200 ათასზე მეტია, ხოლო ამ დაავადების მკურნალობა საკმაოდ ძვირი - დაახლოებით 18 ათასი ლარი ჯდება. ამიტომ C ჰეპატიტით დაავადებულთათვის სახელმწიფო პროგრამის არსებობის შემთხვევაში ბიუჯეტმა დამატებით 2 მილიარდი ლარი უნდა მოიძიოს, რისი საშუალებაც რეალურად არ არსებობს. ამასთან, კოკა ფრუიძის განმარტებით, დაავადებულთა 75% წამალდამოკიდებული ნარკომანია, ამიტომ დაავადებასთან ბრძოლის საუკეთესო გზა ნარკომანიასთან ბრძოლაა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, C ჰეპატიტის პრევენციის მიზნით „უსაფრთხო სისხლის" სახელმწიფო პროგრამა ქვეყანაში უკვე წლებია წარმატებით მოქმედებს.