ნინო ბურჯანაძის პარტიამ ეროვნული უსაფრთხოების საკუთარი კონცეფციის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას, რომელიც "ქორთიარდ-მარიოტში" გაიმართა, ექსპერტები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ.
როგორც ბურჯანაძემ ეროვნული უსაფრთხოების საკუთარი პარტიის მიერ მომზადებული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა, დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობის აღდგენა, განმტკიცება და დაცვა, დემოკრატიულ ფასეულობებზე აგებული სახელმწიფოს მშენებლობა, საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორად ჩამოყალიბებაა, რომელსაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა შეეძლება.
"ჩვენს მიერ შემუშავებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შემდეგ პრიორიტეტებს ეფუძვნება: შევძლოთ ვუზრუნველყოთ სუვერენიტეტისა და ერთიანობის აღდგენა, განმტკიცება და დაცვა, ქვეყანა იყოს მართლაც დემოკრატიულ ფასეულობებზე აგებული და დემოკრატიული რეფორმები არ იყოს მხოლოდ ფასადური, ჩვენი მთავარი ამოცანაა ისიც, რომ ქვეყანა იყოს სანდო პარტნიორი და იყოს სტაბილური, რომელიც უსაფრთხოებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, უსაფრთხოების კონცეფცია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებთან თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა და მასში როგორც ქვეყნის შიდა, ისე გარე გამოწვევებზეა საუბარი. გარდა ამისა, დოკუმენტი ქვეყნის არსებული სიტუაციის ღრმა ანალიზს მოიცავს და ამავე დროს განმარტავს, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.