იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, იტალია ირანისგან სპარსეთის ყურის ქვეყნების დასაცავად საჰაერო თავდაცვით სისტემებს გაგზავნის.
მელონის თქმით, ეს ნაბიჯი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. იტალიის დეპუტატთა პალატა ხუთშაბათს, 5 მარტს, კატარისთვის, ქუვეითისთვის და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას კენჭს უყრის.
„დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, იტალიაც აპირებს დახმარების გაწევას სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან განმარტა, რომ დაცვა, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებზე განლაგებულ იტალიელ სამხედრო პერსონალს სჭირდება.
„ეს არა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ისინი მეგობარი ქვეყნები არიან, არამედ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ რეგიონში ათიათასობით იტალიელი ცხოვრობს და იქ დაახლოებით 2000 იტალიელი ჯარისკაცია განლაგებული - ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება და რომლებიც უნდა დავიცვათ“, - თქვა მელონიმ.