ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან სავალდებულო ხდება. განათლების სისტემაში დაგეგმილი აღნიშნული რეფორმის შესახებ ქუთაისში გამართულ მთავრობის გასვლით სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, სკოლებში ინგლისური ენის სწავლების პირველი კლასიდან დანერგვა სავალდებულო მომავალი წლიდან გახდება.
"აქამდე ინგლისური ენის სწავლების დაწყება მე-5 კლასიდან ხდება. ეს არანორმალურია და ჩვენი მომავალი თაობის შესაძლებლობებს აკნინებს. ამიტომაც მომავალი წლიდან, საქართველოს ყველა სკოლაში ინგლისური ენის სწავლების დაწყება პირველივე კლასიდან იქნება აუცილებელი", - განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნულის მატერიალური და ადამიანური რესურსი შეიქმნას.
"ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვამზადოთ ბევრი მასწავლებელი და შემოვიტანოთ მაღალი ხელფასები", - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა ინგლისური ენის უკეთ დანერგვისთვის ტელეეთერებში ფილმების სუბტიტრებით გაშვების აუცილებლობაზედაც ისაუბრა.