ლეიბორისტები ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანას აპროტესტებენ.
როგორც დღეს ზოოპარკთან გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ განაცხადა, ცხოველებისათვის ყველაზე კარგი კლიმატური პირობები სწორედ იქ არის, სადაც ამჟამად ზოოპარკია განთავსებული.
კახა ძაგანიას განმარტებით ბევრი სახეობის ცხოველი თბილისის ზღვაზე ვერ გაძლებს. გარდა ამისა, ძაგანიას განცხადებით, ზოოპარკის ამჟამინდელი მდებარეობა უფრო მოსახერხებელია. ლეიბორისტები მერიას მიმართავენ, შეცვალოს გადაწყვეტილება ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანასთან დაკავშირებით.
"აქ არის შესაბამისი კლიმატი ეგზოტიკური ცხოველებისათვის, რომ მათ აქ იცოცხლონ. იმ ადგილას, სადაც ისინი აპირებენ ზოოპარკის გადატანას, ეს პირობები არ არსებობს. იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავის დროზე დააპროექტეს ზოოპარკი, გაითვალისწინეს სწორედ ამ ადგილის მისადგომობა. ეს ადგილი დედაქალაქის ნებისმიერი კუთხიდან ადვილი მისადგომია", _ აცხადებს კახა ძაგანია.